საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“- ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარი დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სემინარზე განაცხადა, რომ ნატოს წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ქვეყანა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს ასრულებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო შექმნა.
„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო ასრულებს საკუთარი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველყოს ნატოს წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ახლახანს ჩატარებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ შექმნა გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, და ამრიგად ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის. 10 წლის წინ ნატოს წევრი ქვეყნები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით დავამყარეთ ნდობა და პარტნიორული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. დღეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და დავიწყოთ ერთობლივი სვლა წარმატებისაკენ უფრო მეტი გამბედაობითა და შემართებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარის მონაწილეებს მიმართა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, დისკუსიაში - „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგი“ მიიღო მონაწილეობა. სემინარს საქართველო 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ქვეყანას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი ეწვია. სამი დღის განმავლობაში სემინარზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგს განიხილავენ. იმსჯელებენ ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებზე, პერსპექტივებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.