ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავების შემდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრა. ბაქრაძის ჩვენების მცირე ნაწილი გაზეთ „კვირის პალიტრის 23 აპრილის ნომერში დაიბეჭდა. ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ მოკლული მისი და ნათელა გაბოძის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
ვეფხია ბაქრაძის ჩვენების თანახმად, მან ნათელა გაბოძის რამდენიმე ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა გადაწყვიტა, რისთვისაც ავტომანქანიდან დანა ამოიტანა. ბაქრაძის ინფორმაციით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა გადაიფიქრა.
„გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი „კრესლოში“, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, - აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.