„ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ – ამ სკანდალური სათაურის უკან ასევე სკანდალური გადაცემა და სკანდალური წამყვანი დგას. მალე „რუსთავი 2“-ის ეთერში მსახიობი ამ გადაცემით გამოჩნდება და პირველ სტუმრადაც თავის ყოფილს, ფადი ასლის ირჩევს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვესტუმრეთ იას თავისავე სასტუმროში „ქისი“ და ძალიან ლამაზ ვერანდაზე ჩავწერეთ ინტერვიუ.
– ია, დიდი პაუზა გქონდა, მაგრამ მანამდე კარგი საქმეები გიკეთებია, ბიზნესლედი გახდი...
– ჰო. ეს სახლი მქონდა, 10 წელი იდგა ასე უპატრონოდ. როცა უკვე მივხვდი, რომ ვერ გავყიდდი იმ ფასში, რა ფასშიც მე მინდოდა, პარტნიორთან ერთად გავაკეთე სასტუმრო. ტურისტული ზონაა და ძალიან კარგად მუშაობს.
– ძალიან სკანდალური გადაცემით ბრუნდები ეთერში, ასევე, სკანდალური სტუმრით, რადგან მას უკავშირდება შენი პირადი ცხოვრება. როგორ დაითანხმე ფადი ასლი გადაცემაში სტუმრობაზე?
– მე და ფადის ბოლო პერიოდში გვქონდა ურთიერთობა. „მარიოტში“ ვნახე ბოლოს, გადაცემას ვაკეთებ, მოხვალ სტუმრად-მეთქი, ვკითხე. ერთი ლანჩი გავაკეთოთ და დავილაპარაკოთო, მითხრა. შევხვდი, ავუხსენი, რომ ხალხს აინტერესებს ჩვენი პირადი, რა მოხდა, იყო თუ არა მესამე და ა.შ. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ გადაცემაში. აქვე უნდა გითხრათ, რომ მას მერე, რაც გადაცემის პრომო გავიდა ეთერში, იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი გადაცემის სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ, უკან დაიხიეს. მიხარია, რომ ფადიმ ეს არ გააკეთა. ეს არის ანალოგი რუსული გადაცემისა „საიდუმლო მილიონად“, სადაც ცნობილი ადამიანების საიდუმლოებებზე ვსაუბრობთ.
– საქართველოში არც ისე მარტივია, აალაპარაკო ცნობილი სახე თავის პირადზე, დამალულზე... როგორ აპირებ, დაეხმარო შენს სტუმრებს?
– არ ვაპირებ, ვინმეს სულში ხელები ვაფათურო. სტუმარს ესმის, რომ ეს შოუა. ისიც მეხმარება და მეც – მას. თუ სტუმარს არ უნდა იმ კონკრეტულ თემაზე საუბარი, მე არ ჩავაჯინდები, უბრალოდ, ფულს ვერ მიიღებს იმ კონკრეტული პასუხიდან, ეს არის და ეს. მაგალითად, ფადი ასლიმ ამ გადაცემაში 900 ლარი მოიგო... სხვათა შორის, ეს ჩემი მესამე მცდელობაა, „რუსთავი 2“-ზე გადაცემა გამეკეთებინა. პირველად მე და ლელა წურწუმიას უნდა გაგვეკეთებინა გადაცემა, პროდიუსერი მაია ასათიანი გახლდათ. დავდიოდით, ვრეპეტიციობდით, ვემზადებოდით, ტანსაცმელიც კი შერჩეული გვქონდა და უცებ ეს გადაცემა გაჩერდა. არ ვიცი, რა მოხდა, აღარც ვიქექები. შემდეგი მცდელობა იყო 2016 წელს, მე და მარინა ბერიძეს უნდა გაგვეკეთებინა. პილოტიც კი ჩავწერეთ, მაგრამ ესეც გაჩერდა. ახლა ვანო ჯავახიშვილის ვაჟკაცობით გადაცემა შედგა. ვანოს ვეუბნები, რუხი კარდინალი ხარ „რუსთავი 2“-ზე-მეთქი (იცინის).
– ფადისთან პირადი ამბების გახსენება არ იქნებოდა იოლი...
– სხვათა შორის, ჩვენი კონფლიქტი „პრაიმტაიმს“ უკავშირდება. როცა ფადიმ გადაწყვიტა, რომ ურთიერთობა ჰქონოდა იმ ქალბატონთან, რომლის სახელს ახლა არ დავასახელებ, მითხრა, პაპარაცები დამდევენო. გამიკვირდა, პაპარაცები მე არ დამდევენ, და შენ?.. ვუთხარი, მიეცი „პრაიმტაიმს“ ინტერვიუ, რომ შეყვარებული ხარ სხვა ქალზე-მეთქი. სტატია რომ გამოვიდა, დამშვიდდა ყველა, მაგრამ ამას მოჰყვა სხვა სტატია, რომელიც ამ ქალბატონისთვის არც ისე სახარბიელოდ იკითხებოდა. ფადის უთხრეს, რომ ეს სტატია მე დავუკვეთე „პრაიმტაიმს“ (იცინის). ყველამ იცის, რომ „პრაიმტაიმი“ დაკვეთებზე არ მუშაობს. შემდეგ მთხოვდა, გაასაჯაროვე ჩვენი დაშორებაო. მე კიდევ თავს ვიკავებდი, რადგან მაშინ „დღის შოუს“ ვიწყებდით „იმედზე“ და ამ გადაცემისთვის ვინახავდი ამ ექსკლუზივს. ვერ მოითმინა და ამას მოჰყვა, რაც მოჰყვა.
– ამ ეთერისთვის რა გაქვს შენახული?
– არაფერი. თავს ვიკავებ სკანდალებისგან, არ მინდა დავაფრთხო სტუმრები. ერთი, რაც ნამდვილად შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ფადი ნამდვილი შოუმენია, თავისუფლად შეეძლო წაეყვანა ეს გადაცემა უჩემოდაც.
– ტარიელ სუარზეც გკითხავ, ერთ-ერთ ინტერვიუში ასე უპასუხე ჟურნალისტს, – ტარიელი სუ არიო...
– (იცინის) ჰო, გვარს ამართლებს მართლაც. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს მე და ტარიელს. მე მისი ნამდვილი ფანი ვარ, მიმაჩნია, რომ ასეთი ნიჭიერი მუსიკოსი საქართველოს ბევრი არ ჰყავს. ტარიელთან ურთიერთობაზე საუბარს არ ვაპირებ.
– მარტო ცხოვრებას რა ხიბლი აქვს?
– დილას არ შემიძლია ვიღაცის ყურება. დილა მაქვს ჩემთვის, ჩემი მუსიკისთვის, ჩემი ბახისთვის, ჩემი კომპიუტერისთვის, ჩემი ყავისთვის. ისეთ ასაკამდე მივედი, რომ საკუთარი თავისთვის მაქსიმალური კომფორტი უნდა მოვიწყო. და თუკი ვინმე ამ კომფორტს არ შეუწყობს ხელს, ის ჩემს ცხოვრებაში ვერ იქნება. მე უკვე მაქვს ამის უფლება.
– კომფორტს არღვევს მამაკაცი ოჯახში?
– ჩემთვის არღვევს. არიან ქალბატონები, რომლებსაც არ შეუძლიათ მამაკაცის მხარის გარეშე ძილი. ჩემთვის ეს არ არის კომფორტი.
– რა არის ქართველი კაცის მინუსი?
– უხასიათოები არიან, განსაკუთრებით დილით. ეს სოსისი არ მომწონს, ეს წინდა რად მინდა, ის პერანგი სად არის. და ამ ყველაფერს უძლებენ ჩემი მეგობრები. მე არ მინდა, არ შემიძლია. რატომ უნდა მოვუარო. მე მირჩევნია, ჩემს თავს მოვუარო, ან აქეთ მომიარონ. ამიტომაც გამოვიყურები კარგად ამ ასაკში... ეხლა რემონტი მაქვს, ახალი ბინა ვიყიდე და თუ გაიგეთ, რომ მე დამიჭირეს და ციხეში აღმოვჩნდი, იცოდეთ, რომ მე მოვკალი პრარაბი (იცინის).
– რატომ, სწრაფად გინდა თუ არაპროფესიონალი შეგხვდა?
– ძალიან სწრაფად მინდა. პატარა ბინაში ვცხოვრობდი და ის ბინა გავყიდე. ფული მჭირდებოდა რემონტისთვის. მყიდველს უნდა, ჩემი ბინა გააქირაოს და მე ისევ იქ ვცხოვრობ. მეგობრებმა კი შემომთავაზეს თავისი სახლები, მაგრამ ვის მივადგე ამ ორი კატით, აფუჩეჩებენ ყველაფერს. ამიტომ მოველაპარაკე ჩემი ბინის ახალ პატრონს და ჩემივე ბინაში ქირით უნდა ვიცხოვრო. მოსაკლავი არ არის ახლა ეგ პრარაბი (იცინის)?!
– დასასრულ შენი სილამაზის საიდუმლოც გაგვანდე...
– ძილი, ძილი და კიდევ ძილი, სწორი კვება, ვერიდები ხორცს, შაქარს, ალკოჰოლს არ ვსვამ, სიგარეტსაც დღეში 4 ღერს ვეწევი. მეხმარება მასაჟები, ნიღბები და სილამაზის სალონები.
– ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვო, დაგელოდებით ასეთ ლამაზს ეკრანზე.
– მადლობა.