ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე ბრიტანელი ექსპერტები მუშაობენ

11:52 04-24-2018
176

ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამუშაოდ ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რადგან, მნიშვნელოვანია გაირკვეს რამდენი დანა მონაწილეობდა დაჭრაში.

"დაახლოებით ორ დღეში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ საქმეზე. ისინი დაცვის მხარის ინიციატივით არიან მოწვეული. სწორედ დაცვის მხარის სურვილია საქმეზე დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება და გაირკვეს დაჭრის პროცესში რამდენი დანა მონაწილეობდა. მიგვაჩნია, რომ თუ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, საქმეზე ჭეშმარიტება მარტივად დადგინდება. სამწუხაროდ, ბარლდების ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ამ კითხვას ვერ პასუხობს", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობ, სწორედ ამიტომ იცვლება ჩვენებებიც. კაკაბაძის თქმით, ბრალდების მხარის მიერ მნიშვნელოვანი მოწმის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენება ამჯერადაც შეიცვლება:

"ჩვენი მოლოდინია, რომ თუ ბრალდების მხარე დღეს მნიშვნელოვან მოწმეს წარმოადგენს, ის ისევე შეცვლის ჩვენებას, როგორც ეს აქამდე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ გააკეთა, ვინაიდან, გამოძიება აბსოლუტურად არასწორადაა წარმართული, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მოწმეები ჩვენებებს ცვლიან" - განმარტავს ადვოკატი.

სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამის მიერ დაგეგმილი აქცია ლოზუნგით: "ნუ მოკლავ - აღასრულე სამართალი" მიმდინარეობს. 

შეგახსენებეთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - 2 დეკემბერს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.