“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და მანდატურის დანიშვნის რეფორმაზე დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის და თითოეული მოსწავლის უფლება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. მან ასევე ისაუბრა მანდატურის დანიშვნის რეფორმაზე და მანდატურების ახალ უფლებამოსილებაზე:
"მნიშვნელოვანია, სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თუ სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების საშიშროება არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. მოთხოვნა მანდატურის მიმართაც იზრდება და მანდატურის დანიშვნის წესი იცვლება. მანდატურს სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს, რაც მის უფლებამოსილებას გარკვეულწილად გაზრდის. კანონპროექტი მანდატურის უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ბალანსს იცავს, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის, რადგან ყველა ღონისძიება, რასაც მანდატური განახორციელებს, იქნება უკონტაქტო და მონაწილეობას მიიღებენ სკოლის წარმომადგენელი, მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. მოსწავლის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და რაღაც პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს. სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის" – განაცხადა მეზვრიშვილმა.