"პრეზერვატივზე წმინდანების დახატვა შეურაცხყოფაა, მართლმადიდებლობაზე შეტევა მიდის, რეგულაციებია საჭირო" - ემზარ კვიციანი

12:48 04-24-2018
193

პარლენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი, "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

პროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კითხვები აქვთ, რადგან ზოგი დეტალი მათთვის გაუგებარია. კომიტეტის სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებიან. 

ემზარ კვიციანის თქმით, მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიმდინარეობს, ამიტომ რეგულაციების დაწესება აუცილებელია:

„გვახსოვს, საფრანგეთში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას რა მოჰყვა. რელიგიური გრძნობები დაცული უნდა იყოს, მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიდის. შეურაცხყოფა იყო არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ღმერთის მიმართ. ამის გამო, ბიჭებმა იგინეს და დღეს ციხეში სხედან. ეს სამართლიანია? ღმერთის გინების გამო, ადამიანს აგინეს და ახლა შვიდი ახალგაზრდა ციხეშია. საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, ვიღაცის რელიგია და ღმერთი ლანძღოს. ეს კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. შეურაცხყოფაა პრეზერვატივზე წმინდანებს რომ ხატავენ. სიტყვის თავისუფლება ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ნიშნავს" - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ავტორი: