პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე საპრეზიდენტო კანდიდტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და გუბერნატორის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობას და ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კვირიკაშვილის განმარტებით, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მთავარია წარმატება მეტი იყოს და საქართველო გამთლიანდეს:
„შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის და ერთი წამით არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ გადამეტებული სიამაყის გრძნობით ვესაუბრებით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, გვაქვს შეცდომებიც, გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ მთავარია, რომ რომ იმ თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები გაცილებით უფრო სჭარბობს შეცდომებს, ჩვენ მივაღწევთ ერთიან, სანუკვარ შედეგს, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველო ჰქვია, ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთიანობა და წელგამართული თითოეული ქართული ოჯახი ჰქვია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.