„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე მთავრობის ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენაც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების, ვაჭრობის წახალისებას.
„იმედი მაქვს, ეს და სხვა კონკრეტული პროექტები გახდება ჩვენი შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი ინსტრუმენტები ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოებისთვის ეფექტური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს სათანადოდ აისახება სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ პირობებზეც. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის ძალისხმევითაც, გასული დღეების განმავლობაში კიდევ 22 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, დღემდე 148 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული სათანადო პატივით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ აქვთ მინიჭებული მანდატი, არ გაუმხილონ მესამე მხარეს ინფორმაციის წყარო, საიდან იღებენ ცნობას დაკარგული ადამიანების თუ მათი ნეშტების ადგილსამყოფელის შესახებ. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ყველას, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილმდებარეობის შესახებ, მიაწოდონ ცნობა ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ნეშტები დაუბრუნდეს ოჯახებს, სათანადო პატივით იქნას დაკრძალული, როგორც ქართველების, ისე – აფხაზების და ოსების”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.