ორი თვის წინ შეიტყვეს რომ „მხოლოდ ქართულს“ გაუძღვებოდნენ და კარგად დამალეს ბოლო წუთამდე. მომზადებისთვის დიდი დრო არ ჰქონიათ, იქიდან გამომდინარე რომ ორივეს თვისი საავტორო გადაცემა აქვთ ამავე არხზე. მუდმივად კონკურენციაში მყოფი ტელეწამყვანები, მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი „მხოლოდ ქართულმა“ ერთ სცენაზე ერთი კაბის ფერით დააყენა.
როგორ დათბა ამ ორ წამყვანს შორის ურთიერთობა, რა იყო მთავარი სირთულე ამ გამოწვევაში და თავად რა დამოკიდებულება აქვს სიმღერასთან, მაია ასათიანი გიამბობთ.
- მიყვარს ახალი გამოწვევები. ეს პროექტი თავად „რუსთავი 2“-ისთვის იყო ახალი გამოწვევა, რადგან თვიდმყოფადი პროექტია. გავერთიანდით იმისთვის, რომ მაყურებლისთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა და შეგვექმნა რაღაც ახალი. ამ ტელევიზიის ძალაც იმაშია, რომ თითოეული თანამშრომელი ერთი იდეის გარშემო ერთიანდება. როცა ნიკამ მითხრა ამ იდეის შესახებ, რომ მე და ნანუკას უნდა წაგვეყვანა შოუ, ძალიან დამაინტერესა, ძალიან კარგი გამოწვევაა, უნდა გავმხდარიყავით ერთი მთლიანის ორი ნაწილი, რაც პროფესიულად ჩემთვის ძალიან აზარტული იყო.
- როდის გაიგეთ ამის შესახებ და რამდენი დრო გქონდათ მოსამზადებლად?
- მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია. ორივეს ჩვენი პროექტები გვაქვს და შესაბამისად ბევრი სამუშაოც. შაბათ-კვირას შევხვდით ერთმანეთს და მოვემზადეთ. 2 თვის წინ გაკეთდა შემოთავაზება და ძალიან რთული აღმოჩნდა ამის დამალვა. გვინდოდა ბოლომდე სიურპრიზი ყოფილიყო მაყურებლისთვის და მოვახერხეთ კიდეც.
- ერთმანეთის კონკურენტები ვიყავითო, მითხარი, თუმცა ბოლო დროს ძალიან დათბა თქვენი ურთიერთობა. რაიმე კონკრეტულმა პერიოდმა იმოქმედა ამაზე?
- ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს ორივეს. ცხოვრების ბოლოს ალბათ წიგნს დავწერ ამის შესახებ, ფილმის სიუჟეტს ჰგავს ჩვენი ურთიერთობა. 18 წლისები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით „ალიონში“ და იმ პერიოდში ძალიან დავმეგობრდით. წლები ერთად მვუშაობდით. მძაფრი კონკურენტები ვიყავით მაშინ როცა ნანუკამ „ნანუკას შოუ“ დაიწყო. მასთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. კონკურენციაც და მეგობრობაც ერთნაირად საინტერესოს ხდის ურთიერთობას. ჩემი გადაცემის დიდი წარმატება მისმა არსებობამაც გამოიწვია.
- სხვა კითხვა დავსვი, თქვენი დამეგობრება, ცხოვრების რომელიმე ეტაპმა განაპირობა, ერთის ან მეორის მხრიდან?
- ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში განაპირობებს თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულებას საკითხების და ერთმანეთის მიმართ. ზოგადად ნანუკა ძალიან საინტერესო ადამიანია ჩემთვის. გარშემო იშვიათად მოიძებნება სხვა ჩემი კოლეგა ვისაც ასე კარგად ვიცნობ, ვიცნობ მისი ხასიათის თითოეულ ნიუანსს, ვიცი რა სწყინს, რა უხარია და ისიც ასეა. ამიტომ ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ორივე ჩვენგანისთვის.
- იმ მაყურებელმა, რომელიც დარბაზში ვისხედით, ნანუკასგან მოვისმინეთ ასეთი ფრაზა, მაია არ ნერვიულობს და ეს სტიმულია ჩემთვისო...
- მე ყოველი გადაცემის წინ ვღელავ, უბრალოდ წლებთან და გამოცდილებასთან ერთად ვისწავლე, როგორ ვმართო საკუთარი თავი ისე, რომ ნერვებმა არ მმართონ. თორემ ამის გარეშე შეუძლებელია. რა წამასაც არ ინერვიულებ, იმ წამს დამთვრდება შენი კარიერაც. რა თქმა უნდა, ვღელავდი, უბრალოდ გასაქანს არ ვაძლევდი ღელვას. სანერვიულო იყო, ჩვენზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ. უნდა მოუყარო თავი მთელი არხის ნამუშევარს და მიიტანო მაყურებლამდე, როგორ შეიძლება ამაზე არ იღელვო. უბრალოდ ცხოვრებამ მყარად დგომა მასწავლა.
- განხილვა მოჰყვა თქვენი კაბების ფერს. რატომ გამოეწყეთ შავებში?
- წინასწარ შევთანხმდით რომ, სხვადასხვა სტილის შავი კაბები გვეცმეოდა. იმიტომ რომ ეს დასაწყისია, ცისარტყელაში კიდევ ბევრი ფერია და მთელი ფერთა გამა იქნება პროექტის დახურვამდე. თუმცა გვინდოდა შოუს გახსნაზე აკადემიური სტილი გვქონოდა ორივეს. მეორე ტურზე გავფერადდებით.
- თავად რა დამოკიდებულება გაქვს სიმღერასთან?
- შვიდწლედი მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით. კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს, თავისი სოლფეჯიოთი და საგუნდო სიმღერებით. ფორტეპიანოსაც ვუკრავ, როგორც ყველა ქართველი და ვმღერი ისე როგორც ყველა ქართველი. „პროფილშიც“ მიმღერია გასართობად საახალწლოდ.
- ელოდით, გვარამიას სცენაზე, რომელმაც შოუს კულმინაცია სიხარულის ფეიერვერკად აქცია სცენაზე?
- არა. თვალი მოვკარი ვიღაცას, რომელიც სცენისკენ მოდიოდა. მეგონა მაყურბელი მოდიოდა. ამ დროს ვსაუბრობდი და თან მეფიქრებოდა, ის ვინ იყო დარბაზიდან ჩვენსკენ რომ გამოემართა. ხელი რომ მომკიდა და მოვიხედე, სრულიად მოულოდნელი იყო ნიკას დანახავა სცენაზე. ვთვლი რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. იმდენად ღელავდნენ ბავშვები... პირველ კონცერტზე რთულია სრულყოფილად აჩვენო საკუთარი თავი მაყურებელს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა ნიკა რომ ყველა გახარებული გაუშვა სახლში.