2 წლის ბავშვს ოპერაციის დროს სხეულში დოლბანდი ჩაუტოვეს - იაშვილის კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შედის

18:21 04-24-2018
4561

2 წლის ბავშვისთვის ოპერაციის დროს სხეულში დოლბანდის ჩატოვების გამო, ოჯახმა იაშვილის კლინიკას უჩივლა. შემთხვევა მარტის თვეში მოხდა.

ბავშვის ბიძა სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქევყნებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო.დაიბადა 6 თვიანი, სულ რაღაც 1.300გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება. 1.500 გრამ ბავშვს ამოსჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტიურად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთ თვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული . სრულიად დამპალი და რა თქმა უნდა ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ. ბოლო ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა გაუკეთდა მათთან. ხო ნაღველის ამოჭრისას არასწორად ქონდათ შეერთებული სადინარები. არ ვიცი რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ.მაშინ, როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის რამდენს დაღუპავენ კიდევ - წერს გიორგი ალიბეგაშვილი.

ოჯახი ახლა საფრანგეთში მკურნალობის კურსს გადის. საქმეში ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურმა პრაიმტაიმს განუცხადა, რეგულირების სააგენტომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. ბრძანების მიღების შემდეგ რეგულირების სააგენტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საკითხის შესწავლას დაიწყებს. კერძოდ, მოხდება მკურნალობის ხარისხის შემოწმება. 

როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრაიმტაიმი ცდილობს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურთან დაკავშირებას.



ავტორი: