პარლამენტში, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა, რომელიც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული იყო, „კავკასიის" ეთერში გაიხსენა თუ როგორ განვითარდა მოვლენები კოდორის სპეცოპერაციის დროს და რატომ აკეთებდა ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს რუსეთში.
საუბარია მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ კოდორის ხეობაში იყვნენ ამერიკელი სამხედროები. კვიციანის თქმით, ამ განცხადებების გაკეთებას მას რუსული სპეცსამსახურები ავალებდნენ.
ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ის იძულებული იყო მსგავსი შინაარსის განცხადებებზე დათანხმებოდა, რადგან ოჯახი გადაერჩინა:
„რაც შეეხება განცხადებებს, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ქმედება არ შემოეთავაზებინათ, თორემ განცხადება ჩემთვის არაფერი იყო. იმიტომ, რომ მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი. იმ განცხადებებით მე არაფერი არ ვავნე ჩემს სამშობლოს. იმ განცხადებებით მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს ვავნე . რაიმე დაუშავდა ჩემს ქვეყანას ამ ლაპარაკით? მე წავედი თვითლიკვიდაციაზე ავტორიტეტულად,“ - განცხადა ემზარ კვიციანმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა დღეს, "რუსთავი 2"-ს შეკითხვებს აღარ უპასუხა.
ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2014 წლის დასაწყისში დაბრუნდა. ყოფილი რწმუნებული აეროპორტში დააკავეს. მოგვიანებით კვიციანს ზუგდიდის სასამართლომ ამბოხებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მუხლებით 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. იგი პატიმრობიდან 2015 წელს პროკურატურის შუამდგომლობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.
2016 წლიდან კვიციანი "პატრიოტთა ალიანსიდან" საქართველოს პარლამენტის წევრია.