გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის დედის წერილი: - "მჯერა რომ ნასვამი და უპასუხისმგებლო ადამიანები ვეღარ შეუქმნიან საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს"

15:50 04-26-2018
1691

სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ტრაგიკულად დაღუპული, 12 წლის, სალომე ტატიშვილის დედა, ნინო ჟვანია, სასამართლო უწყების გადაწყვეტილებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში, მადლობის წერილს ავრცელებს:

ჩემო, ძალიან კარგო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო, ყველა, ვინც გვერდში მედექით მე და ჩემ ოჯახს, ამ ბრძოლაში, არა მეგობრობის, სიყვარულის და ნაცნობობის გამო, არამედ სიმართლის დადგენის სურვილით და სამართლის აღსრულების მიზნით - დიდი მადლობა ყველას! დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პრინციპულობა მნიშვნელოვანია, ბრძოლა საჭიროა და ძალა ერთობაშია! ჩვენ, ყველას გვაერთიანებს სურვილი, ვიცხოვროთ, სამართლიან სახელმწიფოში, სადაც ჩვენი შვილების სიცოცხლე, დაცულია, სასამართლო სამართლიანია, დამნაშავე კი, პასუხს აგებს, თავის საქციელზე.

ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეჩვენებინა, ჩემი შვილებისთვის და სალომეს მეგობრებისთვის, რომ სამართალი არსებობს, უსამართლობასთან ბრძოლა კი, აუცილებელია. მათ, ბევრი რაღაცის ნახვა და განცდა მოუხდათ, პატარა ასაკში, რომ არ უნდა ენახათ და განეცადათ, ისეთი. ამ ყველაფრისთვის, უსამართლობის შეგრძნების დამატება, ძალიან დიდი დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან.

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, უნდა ითამაშოს გარდამტეხი როლი, ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტების, უსაფრთხოების საქმეში - მე მჯერა, რომ ნასვამი და უპასუხისმგებლო ადამიანები, ასე მარტივად ვეღარ შეუქმნიან, სათხილამურო ტრასებზე, საფრთხეს, სხვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

მადლობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია -ს, მთელი ორი წლის განმავლობაში, გვერდში დგომისთვის, პროფესიონალიზმისა და პრინციპულობისთვის. დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ასე ღირსეულად ემსახურებიან, თავიანთ საქმეს.

განსაკუთრებული მადლობა, გამომსვლელ პროკურორს, გოჩა ქორაიას, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის.

სამართლიანობისთვის #სალომესსახელით- წერს ნინო ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ გ.ლ.-ს, 2016 წლის 31 მაისს, წარედგინა ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა, გირაო 2000 ლარის ოდენობით. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, გ.ლ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა, წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი, ბრალდების მხარის მიერ, გასაჩივრებული იქნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

2018 წლის 25 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ,  გ.ლ.  დამნაშავედ სცნო, წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა. 
 

ავტორი: რუსა ღვანიძე