ექსპერტიზის დასკვით, შესაძლოა სარალიძის სიკვდილი მხოლოდ ერთი დანისგან მიყენებულ ჭრილობას არ გამოეწვია - პროკურორი

16:24 04-26-2018
123

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი მკვლელობის საქმეში ორი დანა ფიგურირებს, თუმცა რომელი დანით მოხდა დავით სარალიძის მიმართ სასიკვდილო ჭრილობების მიყენება, ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს. სამაგიეროდ, რა ჭრილობები სახის დანიტ იყო მიყენებული, ამის დადგენა შესაძლებელია:

„იდენტიფიცირებულია დანა, რომლითაც მოხდა დავით სარალიძეზე სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, მაგრამ არ მინდა გაგებული იყოს, თითქოს მხოლოდ ეს ჭრილობა იყო სასიკვდილო. დავით სარალიძეს რამდენიმე დაზიანება გულმკერდისა და მუცლის ღრუს არეში აღენიშნებოდა. ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ შესაძლებელია ეს დაზიანებები გამოწვეული ყოფილიყო არამარტო ამ დანით, რომელმაც სასიკვდილო დაზიანება გამოიწვია, არამედ სხვა დანითაც, მათ შორის იმ დანით, რაც გამოძიების სტადიაზე იქნა ამოღებული. ამ ექსპერტიზის დასკვნით, არ დგინდება და ვერც დადგინდება თუ რამდენი დანა იყო გამოყენებული. ექსპერტიზა გვეუბნება შესაძლებობას, ჭრილობისას რა სახის დანა ან მჩხვლეტავი საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა, საქმეში ორი დანა რომ ფიგურირებს, დადასტურებულია არა მხოლოდ ამ დასკვნით, არამედ სხვა დასკვნებითაც და მოწმეების ჩვენებითაც" - განაცხადა ფხაკაძემ. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

 

ავტორი: