"შეხვედრაზე გაკვრით იყო საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატზე...." - ზვიად კვაჭანტირაძე

17:31 04-26-2018
140

პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, საპრეზიდენტო კანდიდატებზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ, შეხვედრის შემდეგ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი მაისში „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდება ცნობილი.

„გაკვრით იყო საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატზე, სახელები არ დასახელებულა. მიდის კონსულტაციები, თუმცა ვისთან მიდის, ვერ გეტყვით, მაგრამ პარტიის ყრილობისთვის, რომელიც მაისის პირველ ნახევარში ჩატარდება,  საზოგადოებისთვის  ყველაფერი ცნობილი იქნება“ , – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სერიოზული ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება, ეს პრემიერ-მინისტრსაც ეხება.

ამასთან, მისი თქმით, საპარლამენტო თანამდებობების დონეზე საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, პარტიის პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება, რა მიმართულებით, ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.