ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული, საკონსტიტუციო რეფორმები და გამყოფი ხაზების ორივე მხარეს არსებული ვითარება განიხილეს

12:14 04-27-2018
86

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით მეექვსე სხდომა გამართა.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმინეს.

სხდომაზე პარტნიორებმა განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტში, სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოვიდა. 

“სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, შეიმუშავა სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი სახელწოდებით ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და პრაგმატულ ინტერესებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას და ეხმიანება მათ სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ. სამშვიდობო ინიციატივის პაკეტი არის საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, სხვა სამშვიდობო ინიციატივებთან და დაგეგმილ ნაბიჯებთან ერთად, ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, ნდობის და მშვიდობის მშენებლობას”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

„მოხარული ვარ იმ მიღწევებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობით  ბოლო პერიოდში მიაღწია. საპარლამენტო თანამშრომლობამ  დიდი როლი ითამაშა საქართველოს პროგრესირებაში. სხდომაზე, ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ არა მხოლოდ მიღწევებზე არამედ, ჩვენს წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე. საპარლამენტო დიალოგის შედეგად მიღწეული იქნება ამ გამოწვევების გადაჭრის ახალი გზები ხოლო, საერთო გამოწვევების გადაჭრით კი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება - განაცხადა  ევროპარლამენტის წევრმა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა.

ევროპარლამენტარებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააცნო.

ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო, სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა.

ასოცირების კომიტეტი მორიგი სხდომისთვის საქართველოში შეიკრიბება.​

ავტორი: