გიორგი შარაშიძე ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს

13:43 04-27-2018
549

მომღერალ უცნობის სიძე, „სიტროენ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს. ამის შესახებ გიორგი შარაშიძემ პრაიმტაიმს განუცხადა.

შარაშიძე ფაქტს ერთგვარ ზეწოლის მეთოდად აფასებს და ამბობს, რომ გამოკითხვაზე ჩვენების მიცემას არ აპირებს, უბრალოდ გამოცხადდება უწყებაში და სასამართლოს საშუალებით გამოკითხვას მოითხოვს. 

ფინანსურში დამიბარეს 15:00 საათზე, უნდათ გამომკითხონ და გამოიყენონ ეს გამოკითხვის საშუალება, როგორც შანტაჟი. გამოვცხადდები, მაგრამ პირობას დავაყენებ, რომ მორჩეს სპეკულაციები და მოვითხოვ სასამართლო წესით ჩემს გამოკითხვას. არ შეიძლება 6-ჯერ დაიბარო ადამიანი გამოკითხვაზე, საქმეზე, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩემზე. საბოლოო მიზანს ვერ მიაღწევენ ვერც ჩემი დაკითხვებით, ვერც მომავალი ინტრიგებით, რომ ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდნენ. სიმართლე დამტკიცდება ძალიან მალე. 3 მაისს არის გადამწყვეტი სასამართლო სიტროენ ჯორჯიასა და ჯანდაცვის სამინისტროს დავაზე, სადაც დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაირკვევა. დავების საბჭოში გამართული განხილვების აუდიოჩანაწერები არსებობს, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აუდიოფაილები, სასამართლოს შუამდგომლობის და იმის მიუხედავად, რომ მოწმეები ადასტურებენ, რომ ფაილები არსებობდა, გააქრო, რადგან იკვეთებოდა სიმართლე , - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ. 

სიტროენ ჯორჯიამ 2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე