პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას პარტიები აპროტესტებენ და პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ

15:19 04-27-2018
67

პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას 19 პოლტიკური პარტია აპროტესტებს. „ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური კორუფციის რისკს ქმნის. 

"კანონში შეტანილი ეს ცვლილებები არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევიტანთ 19 პარტიის მიერ ხელმოწერილ წერილს, სადაც ვითხოვთ, რომ ამ უსამართლო კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს" - განაცხადა კაციტაძემ.

პარტიები თვლიან, რომ ვეტო აუცილებელია, რადგან ამ თემაზე პარლამენტში დებატები გაიმართოს. ინტერპარტიულმა ჯგუფმა ამ საკითხზე საკუთარი წინადადებათა პაკეტიც მოამზადა.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და შესაბამისად მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრ(ებ)ი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს. 

ავტორი: