აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მონიტორინგის სისტემები მონტაჟდება - რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი ფაროსანასგან

10:47 04-29-2018
175

ზუგდიდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის - „ურთას მთის“ გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულია მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე “მოიზიდე და გაანადგურე ტექნოლოგიის სადგურები განლაგდება. ინფორმაციას იმედი ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 2800-მდე ფერომონი დამონტაჟდა. 

სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია, როგორ უნდა დაიცვათ სახლი აზიური ფაროსანასგან. 

რეკომენდაციები:

-თუ თქვენ, თქვენი საცხოვრისის გარშემო მექანიკური ან სხვა საშუალებებით შეძლებთ შეამციროთ აზიური ფაროსანას რიცხოვნობა - შემოდგომაზე ნაკლებ შემაწუხებელი იქნება მათი შემოჭრა სახლებში; 

-შემოდგომაზე აზიური ფაროსანა იწყებს გამოსაზამთრებელი ადგილის ძებნას. ესეთი ადგილი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლები, ცხოველთა სადგომები და ყველა ის შენობა, სადაც მშრალი და თბილი გარემოა, განსაკუთრებით მიტოვებული შენობები; 

-შენობებში აზიური ფაროსანას შემოჭრის თავიდან აცილება შეიძლება ე.წ. სინათლის ხაფანგებით, ხოლო შემოჭრის შემთხვევაში, მისი რაოდენობის შესამცირებელად მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია მექანიკური განადგურება - გაჭყლეტვის გარეშე; 

-ფაროსანას მექანიკური განადგურებისთვის ფრთხილად დაიჭერეთ და ჩაყარეთ საპნიან ხსნარში; 

-ფაროსანას შესაგროვებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფაროსანას არასასიამოვნო სუნი დიდხანს რჩება მტვერსასრუტში, ამიტომ მტვრის შესაგროვებელი პარკების ცვლა და მილების გარეცხვა ხდება საჭირო; 

-სასურველია ფანჯრების აბადვა არა მხოლოდ ფაროსანასგან, არამედ ზოგადად მწერებისაგან თავის დასაცავად; 

-ფაროსანების მისატყუებლად და შესაგროვებლად შესაძლებელია 2-4 ნახვრეტიანი და კარგად შეკრული მუყაოს ყუთების განთავსება შენობების აივნებზე ან შენობებთან ახლოს დასველებისგან დაცულ ადგილას. ფაროსანას შენობებში შეღწევის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყუთი დაწვით, ან მთლიანად ჩაყურსეთ საპნიან წყალში;   

-ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას - სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის; 

-სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში; 

-სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება

-გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები;

ნებისმიერი სადეზინსექციო საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია  უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა: 

-არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე; 

-აკრძალულია  პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა  და საკვების/წყლის მიღება; 

-პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; 

-დაუშვებელია  პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება; 

ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს; 

საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ვებგვერდზე:  http://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ:

1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“

2.,,K-Othrine SC 50“

3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“

4.,,დიხლოფოსი ეკო

5.,,Insecticida Mugal Forte“

6.„სახლის პროშკა გელი“

7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“ 

8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ

9.,,სოლფისანი“ 

საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის მიერ.

 

ავტორი: