ხვალ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეზე, ქართული არმია 27 წლის იუბილეს აღნიშნავს

12:30 04-29-2018
205

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში ღონისძიებები იგეგმება:

09:30-დან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელების პირველი მასშტაბური სწავლება გაიმართება.  

11:00-დან საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაშიც აღნიშნავენ. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. 

წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით ხვდება. წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.

მოგვიანებით, კი IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებ-გვერდის, საქართველოს სამხედრო ისტორიის გვერდის, ასევე ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუქ ტესტების პრეზენტაცია გაიმართება.

ავტორი: