საია: ვანსა და ხონში, კენჭისყრის პროცესში ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია

12:44 04-29-2018
97

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 აპრილს ვანსა და ხონში მაჟორიტარული სისტემით გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა. 

მათი ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხონის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის პროცესი. ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც საარჩევნო კანონმდებლობით 3%-იანი ზღვარის გადამეტება  განაპირობა. 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე  გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩევლების დამატებით შეყვანა გამონაკლისს აღარ წარმოადგენდა, რაც ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ. 

აღნიშნული შემთხვევების გამო საია ტვლის, რომ დღის წესრიგში საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა უნდა დადგეს.

საიას ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა,  რომ სავარაუდოდ, დაირღვა ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ჩვენს მიერ გადამოწმებული ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნების შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აგრეთვე, არ არის გამორიცხული რომ მსგავს ფაქტებს  შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე.

ცალკეულ შემთხვევებში, საიას დამკვირვებლები სავარაუდო დარღვევებს აფიქსირებდნენ, რაც ზეპირი შენიშვენების დაფიქსირების შემდეგ აღმოიფხვა. ასეთ შემთხვევებში საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ. 

ასევე, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში ისევ უნდა დადგეს ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. 

საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

რიგი პროცედურული დარღვევები: 

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე  -  4 შემთხვევა (ვანის #6, #9 ხონის #26 საარჩევნო უბნები)

კომისიის წევრთა მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტები:

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული წევრები. ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადებულა „ევროპული საქართველოს“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი.

ვანსა და ხონში გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს საიას ოცამდე დამკვირვებელი აკვირდებოდა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით.

ავტორი: