ავტორი: ეკა პატარაია
გასულ წელს საქართველოს დასავლეთ ნაწილში აზიური მავნე მწერი, ფაროსანა დაფიქსირდა, რამაც თითქმის მთელი მცენარე-ნარგავები, ციტრუსებისა და თხილის პლანტაციები გაანადგურა. საშიშროება გაჩნდა შინაური ფრინველების დაავადებისა. ფაროსანა ზაფხულში თბილისშიც დაფიქსირდა. მოკლედ, პრობლემა სერიოზულია, ამიტომ მასთან საბრძოლველად წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 14 მილიონ ლარამდე დახარჯავს. ამ ეტაპზე შეძენილია წამალი, ტექნიკა თუ სხვა სამუშაო მასალები. სურსათის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია ღონისძიებების ჩასატარებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარის შეწამვლას აპირებს. რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, რა როლი აკისრია ამ პროცესში მოსახლეობას და როგორ იქნება ინფორმირებული: ამ და სხვა, ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე „პრაიმტაიმს“ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია უპასუხებს.
– ბატონო ზურაბ, რა ეტაპზეა უკვე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები?
– დავიწყებ იმით, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია ქართველ, ამერიკელ და იტალიელ მეცნიერებთან ერთად იქნა შემუშავებული, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების, ენტომოლოგების დახმარებით. ეს კანონპროექტი ინიცირებული და განხილულია მთავრობის მიერ და რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი არის მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, მეორე ეტაპი – მონიტორინგის ჩატარება, მესამე ეტაპი – კონტროლის ღონისძიებები. დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო დამჭერების დამონტაჟება საქართველოს მთელ რეგიონში, ე. წ. ფერომონიანი ხაფანგები მათ შორის დამონტაჟდება აჭარაში, დამონტაჟდა ასევე დაცული ტერიტორიების პერიმეტრზეც, ტყეების სიახლოვეს. ჩვენი სპეციალისტები დააკვირდებიან და მოსახლეობას აცნობებენ მავნებლის გამოსვლის ზუსტ ვადებს. ეს არის ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი დამჭერები, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე, სხვა ქვეყნებში. ფერომონი იზიდავს აზიურ ფაროსანას, შეწამლულ ხეზე მოძრაობს მწერი და ასე ხდება მისი განადგურება, მაგრამ ჩვენს პირობებში რამდენად იმუშავებს, ვერ გეტყვით. მოკლედ, ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, სად იმყოფება მავნებელი, რა სიმჭიდროვით, როდის გამოვა და როდის უნდა დავიწყოთ საბრძოლო ღონისძიებები. უკვე მოსულია სიგნალები. ჩვენ მზად ვართ!
– რა რესურსია ამისთვის მობილიზებული?
– რესურსები მობილიზებულია ერთი მილიონი ჰექტარის შესაწამლად, მთლიანობაში. ას სამოცი ერთეული ტექნიკაა გადანაწილებული საქართველოს ყველა რაიონის მუნიციპალიტეტში, ჩატარებულია ტრენინგები ამ მიმართულებით, შეძენილია პრეპარატები, ასე ვთქვათ, სრულ მზადყოფნაში ვართ. სამოქმედო გეგმა არის ასეთი: იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, გამოვიყენებთ. დაახლოებით ორას ორმოცდაათი ათასი ჰექტარის ერთჯერადი დამუშავების საშუალება გვაქვს. მთლიანობაში ოთხჯერ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი წამლობა მილიონ ჰექტარამდე და ეს გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია წამლობის ჩატარება.
– როგორია სახელმწიფოს ხედვა, სამოქმედო გეგმა?
– სახელმწიფო გაატარებს ღონისძიებებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა. მარტო სახელმწიფო ვერაფერს იზამს. მოსახლეობამ უნდა განახორციელოს ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია მავნებლის გასანადგურებლად.
– ესე იგი, ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოს ფერმერმა, მოსახლეობამ.
– დიახ, ეს არის, რაც უნდა გააკეთოს. ჩვენ კი შევწამლავთ, მაგრამ ჩვენს შეწამვლას აქვს ერთჯერადად გამანადგურებელი ეფექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ღონისძიებების ჩატარება დასავლეთ საქართველოში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, თხილის პლანტაციებში.
– გასულ წელს დედაქალაქშიც დაფიქსირდა მავნებელი. რამდენად არის საშიშროება დიდ ქალაქებში მისი გავრცელებისა?
– საერთოდ, ეს მავნებელი ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებით. ეძებს თბილ ადგილებს. ამერიკაშიც ასეც გავრცელდა, მაგრამ ქალაქებში შემაწუხებელი ეფექტი აქვს და არავითარი ზარალის მოტანა არ შეუძლია იქ. რაც შეეხება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს, აქ ნაკლებად გველის საშიშროება, თუმცა ჩვენ აქაც მზად ვართ ტექნიკითა და პრეპარატებით. ზოგადად, ეს მავნებელი აფხაზეთიდან შემოვიდა ჩვენთან. სოჭის ოლიმპიადის დროს ხის მასალა შეიტანეს სოჭში და იქიდან აფხაზეთში შევიდა. ყველაზე დიდი კერა საქართველოში სამეგრელოს რეგიონშია, თუმცა მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, მავნებელს ჩვენი სპეციალისტები აკვირდებიან.
– რა უნდა იცოდეს ფერმერმა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ?
– ყველა მოსახლეს საქართველოში, ორასი ათას ოჯახს გადავეცით ბუკლეტები, როგორ უნდა ვებრძოლოთ ფაროსანას. გარდა ამისა, გადავეცით თხილის მოვლის ტექნოლოგიური სქემა თვეების მიხედვით, რომელ თვეში რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. წელსაც ნახევარი მილიონი ბუკლეტი იბეჭდება იმისთვის, რომ ფერმერმა იცოდეს, როგორ ებრძოლოს ფაროსანას სახლის პირობებში. ჩვენ ვაპირებთ, ასევე, სხვადასხვა სახის კლიპების, გადაცემების მომზადებას, რომელიც მოიცავს ფერმერების მხრიდან სათადარიგო ღონისძიებებისა და რაც მთავარია, უსაფრთხოდ მოხმარების წესებს. ტელევიზიით გავა სპეციალური ვიდეოგაკვეთილები. ავხსნით, რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, სად უნდა ჩამოკიდოს ფერომონიანი დამჭერები, როგორ უნდა შეასხუროს და გააზავოს ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდები, თუმცა, მაგალითად, აჭარაში, სადაც ციტრუსის წამლობის დიდი გამოცდილებაა, ამის ახსნა დიდად არ სჭირდებათ. ეს არის ზოგადი წესები, რომელიც არამხოლოდ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და პრეპარატებს ეხება. და კიდევ ერთი, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ყველა პრეპარატი ეტიკეტირებულია და ეტიკეტზე არის ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების საკითხებს. ეს პრეპარატები საქართველოში ყველა შესაბამის სავაჭრო ობიექტში იყიდება და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს.
– თუ არის შესაძლებელი მავნებლის საბოლოო დამარცხება უახლოეს მომავალში? რა მოლოდინები არსებობს დღეს სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით?
– სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები უკვე ჩვენთან ჩამოდიან იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავაგროვეთ. მავნებლის დამარცხება ნიშნავს ისევ და ისევ მის მოქცევას კონტროლქვეშ. სახეობის განადგურება, როგორც ასეთი, წარმოუდგენელია. ის უნდა მოექცეს კონტროლქვეშ, როცა მისგან მიყენებული ზარალი საათობით იქნება სამი, ხუთი პროცენტი. ეს ბრძოლა განხორციელდება მანამდე, სანამ საქართველოს პირობებში მავნებელს არ გამოუჩნდება ბუნებრივი მტერი, ოღონდ ეს არის მის სამშობლოში, აზიურ ქვეყნებში. ამ პრობლემას იქ არ ებრძვიან, რადგან მათ ანადგურებს მისი ბუნებრივი მტერი. ამერიკაში ჯერ 10-12 წამლობას აკეთებდნენ ბაღებში ამ მავნე მწერისგან დასაცავად, ახლა აკეთებენ ორ წამლობას, ვინაიდან ზუსტად იციან, რომელი ფაზის წინააღმდეგ არის ბრძოლა ეფექტური. ეს ფაზა, ჩვენი დაკვირვებით, არის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ნიმფის, ანუ მატლის ფაზა. ამ ფაზაში მწერი იმყოფება 4-6 კვირა. ამ დროს არ ფრენს, ვერ გადაადგილდება დიდ ადგილზე და ზუსტად მაშინ არის საჭირო წამლობის ჩატარება, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი.
– რა უჯდება სახელმწიფოს ეს ერთჯერადი შეწამვლა?
– ჩვენ, რა თქმა უნდა, დათვლილი გვაქვს ეს. თერმული დამუშავების დროს, მოგეხსენებათ, ხდება დიდი ფართობის დამუშავება. დაახლოებით 30 ლარია ერთი ჰექტარის შეწამვლის ღირებულება თავისი პრეპარატით, მანქანით, საწვავით, კაცით და ა. შ. რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ გამოვიყენებთ მას. სწორედ ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ხედვა.
– როგორია თქვენი, სააგენტოს რეკომენდაციები პრეპარატების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით? რა უნდა იცოდეს სოფლის მოსახლეობამ?
– ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები საქართველოში 2010 წლიდან არის დაფიქსირებული. ყველამ იცის და ყველა იყენებდა. განსაკუთრებული მიდგომა ამ პრეპარატს არ სჭირდება. საჭიროა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დაცვა, რათა კანი არ დაზიანდეს. ეს არის პირბადე, გრძელმკლავიანი ბამბის პერანგი, სათვალე და ქუდი. გარდა ამისა, უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატი რაც მიესხმება, მცენარის ფოთლებზევე უნდა დარჩეს. შხამქიმიკატები არ უნდა მოხვდეს ფრინველსა და ცხოველს, ფუტკრებს უნდა მოვარიდოთ, არ შეიძლება შეწამვლა ყვავილობის დროს, ყვავილოვან მცენარეებს არ უნდა შეესხუროს… ეს ზოგადი წესია, რაც ისედაც ყველამ უნდა იცოდეს.
P.S. საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის მიერ.