რატომ დაუწვეს დეკანოზ მამალაძეს მანქანა უკრაინაში მსახურობის დროს

11:29 04-30-2018
1298

ავტორი: ეკა პატარაია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ „პრაიმტაიმთან“ საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა ოჯახის პოზიცია. თქვა, რომ მათ ღრმად სწამთ დეკანოზის უდანაშაულობის და მოელიან, რომ „ციანიდის საქმის“ გარშემო ბევრი რამ გაირკვევა. 

მანამდე კი კითხვები ჩნდება, მათ შორის, დეკანოზის უკრაინაში მოღვაწეობასთან დაკავშირებითაც. საქმე ის გახლავთ, რომ 2008-10 წლებში ის უკრაინაში დონეცკის რეგიონში წმინდა ნინოს ეკლესიას წინამძღოლობდა. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ „პრაიმტაიმთანაც“ ისაუბრა.

თორნიკე მამალაძე:

 „ჩემი ძმა მოინათლა 13 წლის ასაკში. მას შემდეგ დაისახა მიზნად, ეკლესიის წიაღში ყოფილიყო. ნათლობიდან მალევე გახდა სტიქაროსანი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ბათუმის „წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში“. სემინარიის დასრულებამდე თავისი კეთილი ბუნებით ყურადღება მიიპყრო მეუფე დიმიტრის და მეუფემ თავისთან რეზიდენციაში გადაიყვანა საცხოვრებლად. სემინარიის დასრულებისთანავე დიაკვნად აკურთხეს, ხოლო როდესაც მღვლად აკურთხეს, უკრაინაში, დონეცკის წმინდა ნინოს ქართული ტაძარი ჩააბარეს. ჩასვლისთანავე ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა იქაურ ეპისკოპოსთან კირიელთან. გარკვეული წლები მოღვაწეობდა უკრაინაში, იქიდან ჩამოვიდა აჭარის, მეუფე დიმიტრის ეპარქიაში. დაინიშნა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, შემდეგ – პატრიარქის რეზიდენციის დირექტორად“.

საუბრის დროს თორნიკე მამალაძეს უკრაინიდან წამოსვლის დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია. თუმცა, ცნობილია, რომ იქ სერიოზული ინციდენტი მოხდა. გიორგი მამალაძეს მანქანა დაუწვეს, რის შემდეგაც იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.

ამ საქმის დეტალები უცნობია. ვერსიები და ხმები ბევრია. ჩვენ ამ საკითხში გარკვევაც ვთხოვეთ თორნიკეს. მისი ვერსია ასეთია:

„დაახლოებით ოთხი წელი იყო წმინდა ნინოს ტაძრის მოძღვარი, მერე აქ დაიბარა ეპისკოპოსმა, სჭირდებოდა და წამოვიდა. რაც შეეხება მანქანის დაწვას, იქ იყო ორი დაჯგუფება ქართველების, ხომ იცით, როგორც ხდება, ზოგს ის მოძღვარი უნდა, ზოგს – ეს... მრევლი, ალბათ, არ ვიცი, როგორც რუსეთშია, დღემდე არ ვიცით, ვინ გააკეთა ეს... მათ მისცეს გაფრთხილება, თუ ტაძრიდან არ წავიდოდა, მანქანას დაუწვავდნენ. ჩემი ძმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იყო წასული ამ დროს. ისევ უთხრეს, თუ არ წავიდოდა, თავის მანქანიანად დაწვავდნენ. ეს ინციდენტი იყო სულ. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი იყო უკრაინაში“.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საპატრიარქოს საქმეებზე სახლში საუბარი არ უყვარდა:

თორნიკე მამალაძე: „ყოველთვის ცდილობდა, რომ თავისი განცდების, შეხედულებების შესახებ რაც სამსახურში ჰქონდა, სახლში არ ესაუბრა. როგორც კი სახლში შემოდიოდა, ამ ყველაფერს გარეთ ტოვებდა, რადგან არ უნდოდა იმ ყველაფერზე ოჯახის წევრებთან საუბარი, რაც საპატრიარქოში ხდებოდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკობდა“. 

დეკანოზის მეუღლისთვის, ცხადია, ეს საქმეც საკმაოდ მტკივნეულია და სიმართლის დადგენას ისიც ელოდება, არ სჯერა ქმრის ამ საქმესთან შემხებლობის.

ია გაბადაძე: 

 – მამა გიორგი უაღრესად მზრუნველი, მოსიყვარულე,  თბილი, სიკეთით აღსავსე, ამავდროულად ფიცხი და სამართლიანი ადამიანია.

როგორი იყო და არის თქვენი ცხოვრება ახლა, როგორი იყო იგი ოჯახურ ცხოვრებაში?    
– ჩვენი ყოფითი ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივი,  არაგანებივრებული ადამიანების ცხოვრებაა, ყოველდღიური პრობლემებით, დარდით.  ოჯახურ ცხოვრებაში ჩართული იყო იმდენად, რამდენადაც ამას თავისი გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ახერხებდა.  

თუ ლაპარაკობდა თქვენთან საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, თავის საქმეებზე?      
– სამსახურის შესახებ მამაო სახლში არაფერს ამბობდა, მით უმეტეს თავის საქმეებზე.

– რამეს თუ ამჩნევდით ბოლოს?
– ვამჩნევდი, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აფორიაქებული იყო, მაგრამ ყოველ ჩემს შეკითხვას უპასუხოდ ტოვებდა. ზოგადად, რთულია, იყო სასულიერო პირის მეუღლე, ფიქრობ, რომ ყველა აკვირდება შენს ყოველ ნაბიჯს და შეიძლება რაღაც ისე არ მიიღონ, როგორც სინამდვილეშია.

– თქვენზე მიამბეთ, როგორ გაიცანით?   
– ჩვენ ერთმანეთი ფერიის ბავშვთა სახლში გავიცანით,  ერთად ვმუშაობდით. შეგვიყვარდა ერთმანეთი და მალევე დავქორწინდით. შეგვეძინა სამი ვაჟი. 

– როგორ ფიქრობთ, სად დაუშვა მამა გიორგიმ შეცდომა?  
– ჩემმა მეუღლემ არსად არ დაუშვა შეცდომა. პირნათლად, სუფთად, სამართლიანად, თავდადებულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ თუნდაც უმნიშვნელო დავალებას. შოკირებული ვარ და დღესაც ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ძალიან დაუჯერებელია. შეუძლებელია მამა გიორგის ეს გაეკეთებინა.