„სოციუმის პატიმარი“ – ქართველი რეჟისორის კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება - exclusive

12:55 04-30-2018
606

 „ამ საოცრად საინტერესო, ინტიმური დოკუმენტური ფილმის მეშვეობით, რეჟისორი ოსტატურად გადმოსცემს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებების მქონე სამი ადამიანის კომპლექსურ გრძნობებს, მათ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მომავლის შიშს. ეს არის ფილმი, რომელიც არა მხოლოდ ევროპამ, არამედ მსოფლიომ უნდა ნახოს“. 

ეს გახლავთ Tampere FF-ის საერთაშორისო ჟიურის შეფასება, რომლის ერთ-ერთი წევრიც Stanley Kubrick-ის პროდიუსერი Jan Harlan-ი გახლდათ.

ასე მსოფლიო დონის კრიტიკოსი ქართველი რეჟისორის, რატი წითელაძის დოკუმენტურ ფილმს აფასებს. „სოციუმის პატიმარი“ მოგვითხრობს ერთ-ერთ ქართულ ოჯახზე, რომელშიც დედა, მამა და შვილი-ტრანსგენდერი ცხოვრობს.

ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში „სოციუმის პატიმარი“ პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა.

„ფილმი, რომელიც ყოველგვარი ბიუჯეტის გარეშე გადავიღეთ, Tampere Film Festival-ზე ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი და, ასევე, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიის გამარჯვებული გახდა, რითაც „ოსკარის“ კვალიფიკაცია მიიღო და 2019 წლის „ოსკარზე“ მონაწილეობის უფლება მოიპოვა“. – მითხრა ინტერვიუს დასაწყისში რატი წითელაძემ, რომელიც ახლახან დაბრუნდა საქართველოში.

– რატი, რა არის შენი მთავარი სათქმელი ამ ფილმით საზოგადოებისთვის?

– ფილმი მოგვითხრობს, ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას... ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებსა და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია. 

– ვინ არის სოციუმის პატიმარი?

– ყველა და არავინ. კარგი გამოთქმაა, რომ წიგნი არასდროს განსაზღვრო მისი გარეკანით. ეს ზუსტად ის შემთხვევაა. 

– მაშ რატომ არის ფილმის მთავარი გმირი ტრანსსექსუალი?

– ეს რომ გაიგო, ფილმი უნდა ნახო... არ არის მთავარი აქცენტი ტრანსგენდერზე. ამ ფილმით სწორედ იმას ვამბობ, რომ ეს ჩვეულებრივი ოჯახია და არაფერი განსხვავებული და გამორჩეული ამ ოჯახში არ არის. სწორედ ამიტომ მომინდა ამ ფილმის გადაღება.

– ვინაიდან ფილმი დოკუმენტურია, მთავარი გმირებიც რეალური ადამიანები არიან, ალბათ...

– რა თქმა უნდა. მე დამიკავშირდა ამ ოჯახის შვილი და მიამბო თავისი ოჯახის ამბავი. თბილისში არ ვიყავი, საფრანგეთში წასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ ამ ამბავმა იმდენად დამაინტერესა, რომ ჩამოვედი და ამ ოჯახს შევხვდი. ერთი თვეც არ დამჭირდა ამ ფილმის გადასაღებად. 

– რატომ დოკუმენტური? ეს შენი პირველი დოკუმენტური ფილმია...

– კარგი კითხვაა. მე არ ვარ დოკუმენტალისტი, მხატვრულ ფილმებს ვიღებ. მხატვრული ფილმი არ იქნებოდა ასეთი მძაფრი. ზოგჯერ რეალობა უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მხატვრულად გაფორმება სიუჟეტის, კადრის. 

– როგორ დაითანხმე მშობლები გადაღებაზე?

– იცოდნენ ჩემი ფილმი „დედა“, მიცნობდნენ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“. იცოდნენ, რომ, რასაც ვაკეთებ, ბოლომდე მიმყავს, ჰქონდათ სიმპათია ჩემ მიმართ და ძალიან გახსნილები იყვნენ. ნდობა რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ვერ მოვახერხებდი ფილმის გადაღებას. მადლობა მათ ნდობისთვის. მოქმედება ხდება ერთ ოთახში. სამი გმირი ჰყავს ფილმს: დედა, მამა და შვილი. 

– ვიცი, რომ ფილმისთვის ბიუჯეტი არ გქონდა...

– წინასწარ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. არაფერი მითხოვია კინოცენტრისთვის. უკვე ბევრჯერ ვითხოვე და უარი მივიღე... გულსატკენია ისიც, რომ მედია არასათანადოდ აშუქებს ჩემი ფილმების წარმატებებს საერთაშორისო ფესტივალებზე. ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი გახდა პირველად ქართული დოკუმენტური ფილმი. მეტი რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ყველამ იცის ეს ამბავი, კინოცენტრმაც მათ შორის, მაგრამ...

– საფრანგეთში, კანის ფესტივალზე 6 საუკეთესო რეჟისორს შორის იყავი წარდგენილი...

– ჰო, დღეს ვიღაცამ მკითხა, იღბლიანი ხარო? არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. ამ წარმატებების პარალელურად, ბევრი „არა“ იყო. სამი წლის განმავლობაში სამი ათასი არა მივიღე, შეუძლებელია, სად დაფრინავო, მეუბნებოდნენ, სერიოზულადაც კი არ აღმიქვამდნენ. არასერიოზული სახე ვიყავი მავანისთვის, იმიტომ რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოვედი, მოდელი გახლდით, კარატეს ვვარჯიშობდი და უცებ მომინდა, არტჰაუს ფილმები გადავიღო. მეუბნებოდნენ, შანსი არ გაქვსო. საქართველოში შანსი მართლა არ მქონდა. ამათ თავისი ოჯახი და სამეგობრო წრე აქვთ. მე არ ვეკუთვნი მათ წრეს. ამიტომაც გავჭერი გზა ევროპისკენ. 

– როგორ გაიკვალე გზა, რომელსაც დღეს დიდი წარმატება მოაქვს შენთვის?

– ძალიან რთული იყო. არავის არ ვიცნობდი. ვიღაცები ფულს იხდიდნენ, რომ ასეთ ფესტივალებზე მოხვედრილიყვნენ. რა გითხრათ, მოეწონათ ჩემი ფილები. საბედნიეროდ, იმის საშუალება მაქვს, რომ გზის ფული მაინც გადავიხადო ასეთ ფესტივალებზე წასასვლელად, მაგრამ რა ქნან იმ ქართველებმა, ვინც მათ წრეში არ არის და ნიჭიერია?! 

– კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელსაც უკვე მოჰყვა საერთაშორისო ინტერესი – „ცარიელი სახლი“...

– ეს პროექტი შერჩეული იყო მსოფლიოს არაერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალის პლატფორმაზე, მათ შრის Festival de Cannes-ზე, Berlinale Co-Production Market-ზე. მოპოვებული აქვს პრესტიჟული Eurimages ჯილდო TIFF-ზე, İstanbul Film Festivali-ზე 30,000 ევროს ღირებულების პოსტ-პროდუქციის Postbıyık ჯილდო და Locarno Festival-ზე სპეციალური აღნიშვნის პრიზი.

ამავე პროექტით, შერჩეული გახლდით 10 რჩეულ პროდიუსერს შორის ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე და 6 საუკეთესო რეჟისორს შორის  კანის კინოფესტივალის მიერ... ხვალ მაქვს გასაუბრება კინოცენტრთან „ცარიელ სახლთან“ დაკავშირებით. მომცემენ თუ არა ფულს, ეს ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის. 

– გვიამბე ამ პროექტზეც...

– სიუჟეტი თბილისში, 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფლდება. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის. ეს ის ფილმია, რომელსაც ბიუჯეტის გარეშე ვერ გადავიღებ. პროექტზე მსოფლიო დაინტერესებაა, ყველაფერი გააკეთა ამ პროექტმა, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა, ოსკარზე ვერ წარვადგენდი მხოლოდ, რადგან ფილმი ჯერ არ არის გადაღებული. ასე რომ, ახლა თანხის მოძიების პროცესში ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ფილმს გადავიღებ. დიდ თანხებზეა ლაპარაკი. გერმანიას ოთხასი ათასი ევრო შეუძლია მომცეს, საქართველოს მიზერს ვთხოვ, ასი ათას ევროს და შემიძლია ისე გავაკეთო, რომ მაინც საქართველოს პროექტად დარჩეს. თუ საქართველო არ დამიფინანსებს, 2 წელს კიდევ დავკარგავ და მერე გერმანული ან ფრანგული გახდება ეს პროექტი. ამდენი ვიწვალე, 5 წელია ამ პროექტზე ვმუშაობ, საწყენია, თუ გვერდში არ დამიდგებიან. 20 პროექტი აქვთ დაფინანსებული და არცერთი არაა ჩემს პროექტთან ახლოს. არ ვითხოვ დახმარებას. ეს მათი სამსახურია. უბრალოდ, მინდა ობიექტურები იყვნენ.

– რატი, შენი სამივე წარმატებული ფილმი ოჯახზეა. შენს ოჯახში რა ხდება?

– (იღიმება) არაფერი, ალბათ, მენატრებიან, ხშირად ვერ ვნახულობ. ჩემი სოფელი საქართველოსა და თურქეთის საზღვარზეა. კირნათი ჰქვია სოფელს, ნახევარი საქართველოს ეკუთვნის, ნახევარი – თურქეთს. 

P.S.რატის პირველი მხატვრული ფილმი „დედა“ მსოფლიო მასშტაბით 200-მდე ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაჩვენები. ფილმს მოპოვებული აქვს 24 საერთაშორისო პრიზი: ამერიკის, ინგლისის, არგენტინის, ესპანეთისა და სხვა კინოფესტივალებზე.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი