სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელკმა“ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ფრაქციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა. დეპუტატმა, არარატ მირზოიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ პრემიერმინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებიც.
დღესვე ფაშინიანი შეხვდა სიდიდით მეორე ფრაქციის, „ცარუკიანის“ წევრებს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ერთხმად დაუჭერს მხარს სომხეთის პრემიერმინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას.
მას შემდეგ, რაც ყველა ფრაქციამ უარი განაცხადა პრემიერის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე, ფაშინიანი ერთადერთ კანდიდატად რჩება. მას ამისთვის პარლამენტში 105-დან 53 ხმა სჭირდება, მათ შორის უნდა იყოს რესპუბლიკელების ხმებიც.
სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ 31 ფრაქციას „ცარუკიანი,“ 9 დეპუტატი „ელკს“ და 7 „დაშნაკციუთუნს.“ პრემიერმინისტრის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა.
პრემიერის ასარჩევად პარლამენტის სპეციალური სხდომა 1 მაისს გაიმართება.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა შეისვენონ და საპროტესტო აქციები არ გამართონ.
ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.