საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ეკლესიის რეიტინგი დაეცა. კონკრეტული საკითხის განხილვა პრაიმტაიმმა თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან გადაწყვიტა.
თეოლოგის აზრით, ეკლესიის რეიტინგის კლება სისტემური მარცხია, რომელიც საპატრიარქოს არასწორი რეჟიმით მუშაობის შედეგია. წლების მანძილზე კი უფრო სავალალო შედეგს მივიღებთ:
ძირითადად ზნეობრივი საკითხები არის, არის ფინანსური თემატიკა, ადმინისტრაციული საკითხები, უამრავი ასპექტია, რომელიც მთლიანობაში ასეთ სურათს ქმნის. დაღმასვლის დინამიკა, საბოლოოდ უფრო მძიმე ფონს და რთულ გარემოებებს შეიძენს, გამომდიანარე იქიდან, რომ ეს არ არის კონკრეტულად ერთი მონაკვეთის პრობლემა, ეს შეუქცევადი პროცესია. ეს სისტემური მარცხის გამოვლინებაა, რომელიც იმ არასწორი რეჟიმით ხორციელდება, რაც სუფევს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში - განუცხადა პრაიმტაიმს ტიგინაშვილმა.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ პროცესის პრევენცია შეუძლებელია:
პრევენცია ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელია. ხვალინდელი დღე გაცილებით უფრო რთული და მძიმე იქნება, ვიდრე დღეს არის. ტენდენცია ძალიან საგანგაშოა. გარკვეულწილად ნორმალური და გამაჯანსაღებელი პროცესია და ამაში ფატალურ, ტრაგიკულ მოვლენას ვერ ვხედავ. სინამდვილეში ეკლესიას არასდროს არ უნდა აინტერესებდეს რეიტინგი. ეკლესიის ამოცანა სულთა ხსნაა.
საბოლოო ჯამში, შესაძლოა, იმ შედეგამდე მივიდეს ეკლესია, რა მდგომარეობაც ილია მეორის გაპატრიარქების ჟამს იყო. ანუ, ათეისტურ-კომუნისტურ ცნობიერებას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული მიძინებული ფესვები ჩვენს წარმოსახვაში. ქართველი ადამიანი შინაგანად მიდრეკილია სილაღისკენ. აქედან გამომდინარე, რაც უფრო სოცილაურად გაუმჯობესდება მოსახლეობის პირობები და რაც უფრო გამომჟღავნდება პარალელურად ეკლესიის პრობლემები, ცხადია, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა დარჩეს ნომინალური ისტორიული მეხსიერების საგანძური და არა მოქმედი დომინანტი სარწმუნოება. ამას ხელს ის იერარქია უწყობს, რომელიც ეკლესიაშია გამეფებული. ის ფარისევლობის და სადუკევლობის სული, რომელმაც მთლიანად წარხოცა მთავარი ვალდებულებებები, რომელიც ეკისრება სასულიერო კარს. მთელი პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება პატრიარქს, წმინდა სინოდს და სამღვდელოებას. მათ ვერ შექმნეს ისეთი სულიერი პროდუქტი, რომლითაც მოსახლეობას მინიმუმ ინტერესს და პატივისცემას გაუღვივებდა და გახდიდა ღვთისმოსავს - ამბობს თეოლოგი პრაიმტაიმთან საუბრისას.
NDI-ის კვლევებით, 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო სამ წელში ეკლესიის რეიტინგი თითქმის 20 %-ით შემცირდა.