რა აკრძალვები დაუწესდათ მწეველებს დღეიდან და რამდენია ჯარიმა კანონის დარღვევის შემთხვევაში

10:16 05-01-2018
2128
თეგები: თამბაქო

დღეიდან თამბაქოს მოწევა სხვადასხვა ადგილებში იკრძალება. პრაიმტაიმი გთავაზობთ ინფორმაციას, კონკრეტულად სად არის და არ არის შესაძლებელი მოწევა. ასევე, რა ტიპის და რაოდენობის ჯარიმები დაწესდა.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ძალაში უკვე შევიდა. აღნიშნული კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში აიკრძალება.

თამბაქოს ვერ მოწევთ ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. მოწევა ასევე იკრძალება ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელ სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც.

თამბაქოს მოწევა შეგეძლებათ: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოწევა ასევე ნებარათული იქნება კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში. სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

დღეიდან, შენობებში მოწევის გარდა, თამბაქოს ნაწარმის ღერებით გაყიდვაც იკრძალება. თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობით, იკრძალება სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია.

ასევე, იკრძალება ბავშვთა სათამაშოებთან და კვების პროდუქტებთან მისი გაყიდვა. პროცესზე ზედამხედველობა შემოსავლების სამსახურს ეკისრება. როგორც ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, ყველა მაკონტროლებელი უწყება კანონის აღსრულებისთვის მზადაა. 

ახალი კანონმდებლობა შენობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის გარდა, თამბაქოს ინდუსტრიის რეკლამასა და სპონსორობასაც ზღუდავს. 

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო. წესების დამრღვევი დაწესებულება პირველ ეტაპზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება. 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 33% აქტიური მწეველია, 39% პასიური მწეველი. საერთო ჯამში კი მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. საქართველო თამბაქოს ეპიდემიის მხრივ მსოფლიოში 12-ე, ხოლო ევროპაში მეორე ადგილზეა.

ამასთან, ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 31 000 ადამიანი იღუპება.

ავტორი: