კახა კალაძემ ტყუილების და ე.წ. რეორგანიზაციის ნაცვლად, ჩაატაროს რეალური რეორგანიზაცია, საიდანაც 40 მილიონი ლარი დაიზოგება - ირაკლი ნადირაძე

11:25 05-01-2018
137

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებს, ბიუროკრატიული ხარჯები დაზოგვოს და აღნიშნული თანხები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების ხელფასების ზრდას მოახმაროს.

ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში, ბრიფინგზე განაცხადა. 

მერიისგან დღემდე არანაირი პასუხი არ არის, რა თანხები დაიზოგა რეორგანიზაციიდან. ერთადერთი, მაღალჩინოსნებს გაუორმაგდათ ხელფასი. რიგითი თანამშრომლებისთვის - მძღოლებისთვის, მემანქანეებისთვის და თბილისის მუნიციპალიტეტის შპს-ებში დასაქმებული პერსონალისთვის ვერცერთი თეთრი ვერ გაიმეტეს. მივმართავთ კახი კალაძეს, დაიწყოს 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე მუშაობა, სადაც ის რეალურად შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომლის შემცირებაც შეიძლება 40 მილიონი ლარით და ეს თანხები მოხმარდება რეალურ საჭიროებებს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებს. ჩვენ გათვლილი გვაქვს ციფრები და სატრანსპორტო კომპანიის რიგითი თანამშრომლების ხელფასებს, ხშირად 4-5ჯერ აღემატება მენეჯერების ხელფასები, სწორედ ამ ადამიანების ხელფასების გაზრდა შეიძლება 20%-ით. ეს შეთავაზებები გვქონდა 2012 წლიდან მოყოლებული, - განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ყოველი წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ითხოვდა ამ ადამიანებისთვის ხელფასების ზრდას, რაზეც თბილისის მერისგან მუდმივად იყო უარი.

კახა კალაძემ ტყუილების და ე.წ. რეორგანიზაციის ნაცვლად, ჩაატაროს რეალური რეორგანიზაცია, საიდანაც 40 მილიონი ლარი დაიზოგება. სატრანსპორტო კომპანიის მემანქანეებისთვის ხელფასის 20%-იანი ზრდისთვის 15მილიონი ლარია საკმარისი, თუ ამას მივამატებთ თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების და ბაღების თანამშრომლების ხელფასების მატებას, 25 მილიონი საკმარისი იქნება, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე