ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ოძისში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, აშშ არ აღიარებს გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს და მოსახლეობის უსაფრთხოება აღელვებთ. მიტჩელმა მწუხარება გამოთქვაქართველების წამებისა და მკვლელობების გამო და რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა :
„ათი წლის წინ აქ იყო ომი და დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა.
ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას. ამ ადამიანების ოჯახებს ვუსამძიმრებთ.
მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების აღიარება და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მიმოსვლას აღნიშნულ რეგიონებში.
შეერთებული შტატები საქართველოს და მისი უსაფრთხოების ერთგულია. ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი და საქართველო იყოს წარმატებული, დემოკრატიული ქვეყანა" – განაცხადა მიტჩელმა.