შესაძლოა, ახალი სასწავლო წლიდან, 1+4 პროგრამაში, ქართული ენის სწავლების დრო, გახანგრძლივდეს – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაურმა განუცხადა.
გიგაურის თქმით, 1+4 პროგრამის განვითარებაზე საუბარი, სახალხო დამცველის რეკომენდაციებშიც იყო, შესაბამისად, სამინისტრომ ამაზე მუშაობა დაიწყო.
„ჩვენც ვუჭერთ მხარს, სახალხო დამცველის რეკომენდაციას. შეფასებებმა გვიჩვენა, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან წამოსულმა რეკომენდაციებმა და თვითონ ბენეფიციარების რეკომენდაციებმა, რომ ერთწლიანი ქართული ენის სწავლების კურსი, არაა საკმარისი იმისთვის, რომ პირმა (სტუდენტმა), შეძლოს და ქართულ ენაზე პროფესიულ ტერმინოლოგიას და პროფესიულ ლიტერატურას, სრულად დაეუფლოს. შესაბამისად, დაიგეგმა პროგრამის გადახედვა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რამდენი წლით გახანგრძლივდეს ქართული ენის კურსი“, – აღნიშნა ლია გიგაურმა.
მისივე თქმით, ეს აღარ იქნება ერთლწიანი, მაგრამ სწორედ სახალხო დამცველთან და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის შერიგების სამინისტროსთან თანამშრომლობენ, იმ მიმართულებით, რომ გადაიხედოს ეს კურსი და დადგინდეს, პირველ ეტაპზე, რამდენით უნდა მოიმატოს, ქართული ენის სწავლების დრომ.
„ამ ყველაფერს, დაფინანსება სჭირდება. სწორედ, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ამის ასახვა მოხდეს და ესაა, ჩვენი საშუალო ვადიანი გეგმა“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ენაზე მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, იგივე 1+4, მოქმედებს 2010 წლიდან. აღნიშნული პროგრამა, ეთნიკური უმცირესობებისთვის, უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა.