თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტრო მუშაობას არ შეწყვეტს. მისი განმარტებით, მემანქანეებს არ აქვთ ისეთი დაბალი ხელფასი, რომ ასეთი ულტიმატუმით საუბრობდნენ.
"ჩვენ გვევალება ფინანსური რესურსები განვკარგოთ სწორად და საერთო სურათში ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. სამწუხაროა, რომ მრავალი შეხვედრის მიუხედავად ამ ადამიანების დარწმუნება ვერ შევძელით. მაინც მიმართეს უკიდურეს ზომას - გაფიცვას. თუმცა, გუშინ სასამართლომ გაფიცვის ღონისძიება გადაავადა 30 დღით. პარალელურად შესულია საჩივარი, რომელიც წარადგინა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და შეეხება იმას, რომ ეს გაფიცვის ღონისძიება და ორგანიზება არაკანონიერად იქნეს ცნობილი, ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ დაურღვევია მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. ხვალ თუ მაინც გაიფიცნენ, კანონდარღვევა იქნება და ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუმცა, 30 დღის მერე ვერაფერს ვიტყვი, რადგან სასამართლომ გაფიცვის კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გაიფიცებიან, ჩვენ მივმართავთ სხვა ალტერნატიულ ზომებს, მეტრო არ გაჩერდება“, -განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ნინო რაზმაძე