„თუ არ გაირბენს დღეში სამ კილომეტრს დააკლონ ხელფასიდან თანხა, გადაიხადოს ჯარიმა“ - exclusive

15:50 05-02-2018
2779

გუგული მაღრაძე მალე პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს. ამჯერად ინიციატივა ჭარბწონიანებს უკავშირდება. დეპუტატი ჭარბწონიანებზე რეგულაციების დაწესებას მოითხოვს. რა სახის იქნება რეგულაციები და როგორ შეიფუთება კანონი, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. თუმცა, საზოგადოებაში პარლამენტის ახალი ინიციატივა ღიმილს უკვე იწვევს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერს გუგული მაღრაძის ამ ინიციატივას. 

პაატა თედიაშვილი:

- არ ვიცი რა მოტივი უდევს ამ ყველაფერს საფუძვლად, მაგრამ ჩვენ ყველას გვინახავს მშობლები, რომლებსაც ჭარბწონიანი შვილი უზის მაგდონალდში და ბერავს პროტეინებით გაბერილი საკვებით. მსგავს სიტუაციაში კარგი იქნება, თუ ბავშვები დაკავდებიან ცეკვით, სპორტით, ცურვით. ხოლო თუ საქმე გვაქვს დიაბეტთან საჭირო იქნება კვების გაკონტროლება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კანონმა უნდა დაარეგულიროს?

- არა, კანონში არ უნდა შევიდეს, რა თქმა უნდა, ამის უფლება ვის აქვს. იქნებ თავად ბავშვს უნდა იყოს პუტკუნა და არც მშობელს ეკითხება აზრს. აქ საქმე გვაქვს მშობლების განათლებაზე, რამდენად ყურადღებით უდგებიან ბავშვების არამხოლოდ სულიერ და ესტეთიკურ აღზრდას, არამედ მის ფიზიკურ განვითარებას და ანატომიას.

- აქ არ არის საუბარი მხოლოდ ბავშვებზე. ლაპარაკია ჭარბწონიანების რეგულაციებზე...

- რამდენადაც მახსოვს, თავად ქალბატონი გუგულიც არ გამოირჩევა ტანწერწეტობით. მის კანქვეშ გამოხატული ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბზე მეტია... საინტერესოა ქვეტექსტი ამ რეგულაციების. თუ იმისთვის კეთდება, რომ ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოს, რათა ვიღაცამ ფული იშოვოს, სხვა საკითხია, მაგრამ თუ წმინდა მოქალაქეობრივი ზრუნვაა და საფუძველი ჯანსაღი ცხოვრების წესია, მივესალმები მხოლოდ. მეტიც, რეგულაციებს დავუმატებდი კიდევ ერთ ინიციატივას, რომ ჭარბწონიანებისთვის განახევრდეს გადასახადი სპორტდარბაზებში.

- ვფიქრობ, ქალბატონი გუგული აუცილებლად გამოეხმაურება თქვენს ამ ინიციატივას, შესაძლოა მრჩეველადაც აგიყვანოთ...

- სიამოვნებით ვითანამშრომლებ. კიდევ მაქვს ერთი ინიციატივა. ჭარბწონიანები, რომლებიც ჯდომით რეჟიმში მუშაობენ 6 საათი, იმუშაონ 4 საათით და დანარჩენი ორი საათი გაატარონ სპორტდარბაზებში. ასეთებს დაენიშნოთ იძულებითი ვარჯიში, დღეში სამი კილომეტრი სირბილი. და თუ არ გაირბენს ამდენს, დააკლონ ხელფასიდან თანხა, გადაიხადონ ჯარიმა.

- როგორ გგონიათ, ამ ინიციატივას, - კიდევ ერთი ჯარიმა არასპორტული ცხოვრებისთვის, კარგად მიიღებს საზოგადოება?

- აქ გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში არ არის ცუდი ინიციატივა.

- ვფიქრობ, ამ კანონს თქვენთან ერთად მიიღებს ქალბატონი გუგული...

- ისეთი ბედნიერი წელი მქონდა, მგონი პარლამენტშიც მოვხვდები (იცინის).

- არ გამოვრიცხავ, რადგან უმცირესობაში ხართ, ვინც ამ რეგულაციებს მხარი დაუჭირა...

- ჩემი შემოქმედება ისე წავიდა, განსხვავებულ აზრებს ვუჭერ უკვე მხარს. ჩემი რეპერტუარითაც უმცირესობაში აღმოვჩნდი, ამიტომ ასეთ უცნაურ კანონებსა და უცნაურ ადამიანებს ვუჭერ მხარს.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი