საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, დარბაზში უნდა დაბრუნდეს.
ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა დარბაზი იმ მიზეზით დატოვა, რომ მას დებატების საშუალება არ ეძლეოდა.
"კაცს ჰქონდა საათი, მეტიც შეეძლო გამოეყენებინა და 23 წუთი ილაპარაკა, და თან ილაპარაკა არაფერზე. ვერ გაიგო ვერავინ რა ილაპარაკა. ახლა ოპოზიცია გვთავაზობს, რომ რადგან ბოლოში რეპლიკის საშუალება მივეცით გამონაკლისის სახით, ახლა მის ხუშტურებზე ვიაროთ. ეს იმიტომ, რომ იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ მის ხუშტურებზე იაზორ, პარლამენტმაც, საზოაგდოებამაც და ვერ გამოვიდნენ ამ მოჯადოებული წრიდან. კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს თავის კაბინეტიდან, დაჯდეს, დაიცვას კანონი, ამის ვალდებულება მას აქვს პირველ რიგში. საზოგადოებას პატივი სცეს, ჩვენ მის ხუშტურებზე ნუ ვივლით", - განაცხადა მდინარაძემ.