პოლიტიკური თანამდებობის პირებს პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ გვაქვს - ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს

19:10 05-02-2018
77

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს მიმართავს. იგი გიორგი მარგველაშვილს ემოციების გამოხატვის თავშეკავებისკენ მიუთითებს:

„არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის. ეს დარბაზი ახლადარჩეული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. ვსაუბრობთ თქვენი ხემლძღვანელობით, პრეზიდენტი მყავს მხედველობაში, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ დროს მორიგ სიტყვას არ ველოდებით. 

სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა მოგვწონს და ამ დროს რამდენიმე საათიანი მოთმენა გვიჭირს. რა უფლება მაქვს, თქვენს პირად ემოციას შევეხო, მაგრამ ხომ იცით სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირებს პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ გვაქვს.

 საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მის სამართლიანად დადგენილ წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს პრინციპული და შეუვალი პოზიციისთვის", – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა წლიური ანგარიში წარადგინა. კითხვების მოსმენის შემდეგ მან დებატების ფორმატი მოითხოვა, რომელსაც რეგლამენტი ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მარგველაშვილს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად ჯერ დარბაზი, მოგვიანებით კი საკანონმდებლო ორგანო დატოვა.

ავტორი: