პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიდევ ერთ საკითხს, რომელსაც პრეზიდენტი მოხსენებისას შეეხო. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაპირდაპირი არჩევნების შემოღება იყო დადებითი მოვლენა.
„ასევე, საუბარი შეეხო საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას. ამასთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ მინდა აქცენტი გავაკეთო ვენეციის კომისიის დასკვნაზე, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ არაპირდაპირი არჩევნების შემოღება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იყო დადებითი მოვლენა. ეს ცვლილება დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, იმიტომ, რომ ეს სისტემა არის უფრო მეტად თავსებადი საპარლამენტო მმართველობის მოდელთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტის კრიტიკა არ იყო, სამწუხაროდ, დასაბუთებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში, სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის მუშაობის ერთადერთი შედეგი იყო რეკომენდაციების ჩამონათვალი. ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ პრეზიდენტს კომისია და მისი ხელმძღვანელობა არ გაუკრიტიკებია, რასაც, მისივე განმარტებით, მარტივი ახსნა აქვს.
მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს. წინა პარლამენტში, წინა პარლამენტის პერიოდში მოქმედებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამ კომისიამ იმუშავა სამი წლის განმავლობაში და ვერ დადო ვერავითარი შედეგი. შედეგი ერთადერთი იყო ოც გვერდიანი ჩამონათვალი სხვადსხვა სუბიექტის რეკომენდაციებისა და ეს რეკომენდაციებიც არ იყო სისტემატიზებული, ეს იყო სამწლიანი მუშაობის შედეგი. თქვენ არ გახსოვთ მაშინ არავითარი კრიტიკა პრეზიდენტის მხრიდან ამ კომისიის მიმართ, კომისიის ხელმძღვანელობის მიმართ. ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას. რეალურად, მაშინაც, პრეზიდენტის ინტერესი იყო რეფორმის ჩავარდნა და იგივე მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს ამ მოწვევის პარლამენტის პირობებშიც. სამწუხაროდ, ეს იყო დესტრუქციული მიდგომა, რომელიც გამოავლინა პრეზიდენტმა კომისიაში არ მონაწილეობით, მუდმივი კრიტიკით, დაპირისპირებით, ალტერნატიული ფორმატების შექმნით, და კიდევ ერთხელ- ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტმა შეასრულა არა გამაერთიანებლის, არამედ იმ ადამიანის ფუნქცია, რომელიც თიშავს, ცდილობს, გაყოს და ცდილობს, დაპირისპირება წარმოქმნას ხელოვნურად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.