თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო.
მიშველაძის სასარგებლოდ სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯარიმის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეკა მიშველაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
როგორც "პრაიმტაიმს" ეკა მიშველაძემ განუცხადა, მისთვის მტავარი გამარჯვებაა და არა კომპენსაციის მირება. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავს აღარ შეირცხვენს:
"სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩემი გაშვება იყო უკანონო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი. ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. კონპენსაციის ბედი არ ვიცი და ეს ჩემთვის არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ყველა აღიარებს ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში, რომ მე უკანონოდ გამომიშვეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ინტერვიუში ადვოკატმა თქვა, რომ გასაჩივრებას ისევ აპირებენ, თუმცა რას აპირებენ არ ვიცი, შესაბამისად, დაველოდებით მოვლენათა განვითარებას. თუმცა იმედი მაქვს, ამჯერად ეყოფათ ჭკუა და კიდევ ერთხელ არ შეირცხვენენ საკუთარ თავს. დიდი სირცხვილია, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასეთ კარგ და სერიოზულ ტელევიზიას, ოდესღაც როგორიც იყო, ეუბნებიან, რომ ცუდი და უკანონო გადაწყვტილება მიიღო" - განუცხადა ეკა მიშველაძემ "პრაიმტაიმს".
რაც შეეხება ეკა მიშველაძის თავდაპირველ სარჩელს, მან განმარტა, რომ თავიდან სამსახურეობრივ აღდგენასაც ითხოვდა:
"პირველად, ჩვენ სამსახურში აღდგენასაც ვითხოვდით, თუმცა პირველმა ინსტანციამ თქვა, რომ აღდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან მე უკვე სამსახური მქონდა, შესაბამისად, აღდგენის ნაცვლად დააწესა ეს კომპენსაცია. ამიტომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განხილულა" - განუცხადა ეკა მიშველაძემ "პრაიმტაიმს".
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოზე "საია" იცავდა.