ქუთაისში, ბარში, თამბაქოს მოწევისთვის ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი და ბარის მეპტრონე დააჯარიმეს

13:20 05-04-2018
596

ქუთაისში, გუშინ, ერთ-ერთი ბარში თამბაქოს მოწევის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ერთი კი დააჯარიმეს.

როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბარში ერთი მოქალაქე თამბაქოს შესახებ გამოსული ახალი კანონის დარღვევის გამო 50 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ორი პირი, რომელთაც კანონი დაარღვიეს და პატრულის მოწოდებას, რომ შეეწყვიტათ კანონდარღვევა არ დაემორჩილნენ, დააკავეს. მოწოდების მიუხედავად, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

უწყებამ ასევე დააჯარიმა ბარის მეპატრონეც 500 ლარით, რომელსაც თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ გაკეთებული სპეციალური აბრები არ ჰქონდა გაკეთებული. 

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონის მიხედვით, პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა დახურულ შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სიგარა ბარებსა და სამორინეებს.

 

ავტორი: