ქვეყნის პრესტიჟზეა საუბარი, ქვეყნის მეორე პირი ქვეყნის პირველ პირს ძალიან მძიმე დანაშაულებში ამხელს - ფიქრია ჩიხრაძე

16:49 05-04-2018
172

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სახელმწიფოს პრესტიჟს უკარგავს. ამასთან, ასეთი ბრალდებების ფონზე, ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ირაკლი კობახიძე პროკურატურაში უნდა მიდიოდეს:

„ამ შემთხვევაში, ის კი არ არის მთავარი ჩვენ რას ვუპასუხებთ ირაკლი კობახიძეს, ისეთი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის კორუფციაში დადანაშაულების კუთხით, მიზანმიმართულ საბოტაჟთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, დღესვე უნდა მიდიოდეს პროკურატურაში და სათანადო ორგანოებს შესაბამის ინფორმაციას უნდა აძლევდეს. ამ შემთხვევაში, ეს არ არის კონკრეტულად პრეზიდენტის პრესტიჟის ან სხვა საქმე, აქ არის სახელმწიფოს პრესტიჟზე საუბარი, როდესაც ქვეყნის მეორე პირი ამხელს ქვეყნის პირველ პირს ძალიან მძიმე დანაშაულებში, ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი" – განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პირველი პირის მიმართ არაერთი ბრალდება გამოთქვა, მათ შორის შეწყალების საკითხზე.

კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

 

ავტორი: