რა ინფორმაციას ფლობს ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებულზე კახიძის ოჯახი? - გახმაურებული საქმის დეტალები

17:16 05-04-2018
488

ნამდვლად ვიცი, რომ ოჯახს წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ნუგზარ კახიძის მკვლელი. სავარაუდოდ, ეს ადამიანი დაქირავებულია ვიღაცის მიერ. ის მრავალჯერ ნასამართლევი და ახლაც  თავდებით გამოშვებული პირია - ამის შესახებ პრაიმტაიმს საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა. იგი ნუგზარ კახიძის ნათესავია.

არც გაგვიგია ვინ არის, არანაირი კონტაქტი არ გვქონია. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ რაიმე კონტაქტი ჰქონოდა ნუგზართან. სავარაუდოდ, ეს ადამიანი დაქირავებულია ვიღაცის მიერ. წარმოდგენა არ გვაქვს რა მოტივი შეიძლება იყოს. ეს შინაგან საქმეთა სამძებრო ორგანოების გამოსაკვლევია. ჩვენ ველოდებით, რომ დააკავებენ და გავიგებთ დამკვეთის ვინაობას.  იშვიათი, არაკონფლიქტური ადამიანი იყო ნუგზარი, საქართველოში ასეთი ადამიანების პოვნა ძალიან რთულია, ამიტომ იყო თავზარდამცემი მისი მკვლელობაც - განუცხადა პრაიმტაიმს გამყრელიძემ.

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს და მას გ.ჩ-ს ინიციალებით მოიხსენიებს, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება 37 წლის გია ჩოფლიანია. 

ბრალდებული წარსულშიც არაერთგზი არის ნასამართლევი, მათ შორის იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ფაქტზე მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ვინაიდან გია ჩოფლიანი მიმალვაში იმყოფება, შესაბამისად მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.   

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს თბილისში ამირეჯიბის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარ სახლთან მოკლულია ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე. 

კახიძე შპს „ვარკეთილი 96“-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლდათ. მასთან ერთად აღნიშნულ კომპანიაში წილებს ინაწილებენ: გურამ ქაცანაშვილი 20%, იათამზე ქავთარაძე 5%, თემურ პირველი 30%, პაატა ნუცუბიძე 7.5%, ნესტან თოდუა 5%, გენრიხ ხერგიანი 2.5% და მზევინარ ხერგიანი 15%. 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნესტან თოდუა მოქალაქე პაატა ფრუიძის სასარგებლოდ წილის დათმობას აპირებდა, თუმცა რეესტრმა აღნიშნული ცვლილება სხვა პარტნიორების თანხმობის არარსებობის გამო არ დაარეგისტრირა.

ავტორი: