ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თბილისის მერიის სამი თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, ფაქტი ძალიან სამწუხაროა, რადგან როგორც ჩანს, ყველამ ვერ გაიგო, რომ დედაქალაქის მთავრობისთვის კორუფცია და კანონდარღვევა მიუღებელი იქნება.
ერთი რამე არის ძალიან ცუდი, რომ ყველამ ვერ გაიგო კორუფცია და კანონის დარღვევა. ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, მაშინვე ვთქვით, რომ ასეთი ფაქტები ჩვენთვის იქნება შეურიგებელი და მუდმივად ვებრძვით ასეთ ფაქტებს. მოცემული შემთხვევა სამწუხაროა, მაგრამ მიმდინარეობს სამართალწარმოება. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპი, რასაც ჰქვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და, რა თქმა უნდა, არ უნდა გავაკეთოთ ხმამაღალი განცხადებები, ვიდრე სამართალწარმოება არ გამოავლენს ყველა საჭირო გარემოებას. ამ ეტაპზე, მე ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ძალიან ცუდია, ყველამ რომ ვერ გაიგო.
ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაგალითი იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც პოტენციურად კიდევ რაიმე ცუდი აქვს ჩაფიქრებული. ყველა შემთხვევა იქნება დროულად გამოვლენილი და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.
სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულები არიან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი.
თათია ცუკოშვილი