ზურაბ ჯაფარიძე: "არ ვაპირებ 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდას"

19:37 05-04-2018
175

მე არ ვაპირებ ამ 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდას, ამასთან, ყველაფერს ვიზამ, რომ სისტემაში დამნაშავე პირები დაისაჯონ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ ვიდეო მიმართვაში საუბრობს. ჯაფარიძის განმარტებით,  მას კანონი არ დაურღვევია და სასამართლოში შვიდმა პოლიციელმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ზურა ჯაფარიძე მათ აგინებდა და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა.

„სწორედ ამიტომ მე არ ვაპირებ 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდას. იმიტომ, რომ მე ამ თანხის გადახდა არ მეკუთვნის, შესაბამისად, სახელმწიფოს მოუწევს ჩემგან ძალით ამოიღოს ეს 2000 ლარი. მე უკვე ველაპარაკე ბანკში ჩემს ბანკირს. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს სესხი აღებული, ბინა გვაქვს ნაყიდი და ჩემი ანგარიშიდან იჭრება თანხა. სავარაუდოდ, მოვახერხებ, რომ ავტომატური ჩამოჭრა ჩემი მეუღლის ანგარიშიდან მოხდეს. 

მე გავასუფთავებ ყველა ჩემს ანგარიშს და ჩემი საბანკო ანგარიშიდან ვერც ერთ ლარს ვერ წაიღებს სახელმწიფო. ამის შემდეგ სახელმწიფოს დარჩება ერთადერთი გზა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც ყიფშიძეზეა და ჩემი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ და მე გარანტიას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ამ ბინას ისინი ვერ გაყიდიან და მშობლებს გარეთ ვერ გამოყრიან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დაისაჯონ სისტემის შიგნით პოლიციელები, რომელთა ცრუ ჩვენებების გამოც ადამიანებს იჭერენ და ასამართლებენ.

სისტემის შიგნით არავინ დასჯილა. სისტემა ამ ადამიანებს ჩაგრავს და ასე ხდება ბევრ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება გაუხმაურებელ დანაშაულებებზე. სისტემას შეუძლია ორი პოლიციელი მოიყვანოს, რომელიც ზღაპრებს მოყვება და სისტემა ამ ადამიანებს, რასაც უნდა იმას იზამს, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პარტიის ლიდერები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.  მოსამართლის გადაწყვეტილებით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პარტიის ორ წევრს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.