"ნარკოტიკების მოხმარების შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა" - "თეთრი ხმაური" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

17:30 05-05-2018
1865

ნარკოტიკების მოხმარების შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი ხმაურის მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრაიმტაიმი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

მეგობრებო, მხარდამჭერებო, მომხმარებლებო, არამომხმარებლებო და მომხმარებელთა ოჯახის წევრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას.

შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის.

რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე.

თეთრი ხმაურის მოძრაობა ვადგენთ დეტალებს, ვსწავლობთ სიტუაციას და ვრცელ განცხადებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მანამდე კი მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ . მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ბიო-ჰეროინი იგივე ფენტალინი).

მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ საბოტაჟს, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ გენოციდის ვითარებაში კი მხოლოდ ერთმანეთის გაფრთხილება თუ გადაგვარჩენს.

გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ქვეყნის მასშტაბით. - ნათქვამია განცხადებაში



ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი