არ მახსოვს რომ პრეზიდენტისათვის სიტყვის თქმაზე უარი ეთქვათ - ფიქრია ჩიხრაძე

21:00 05-05-2018
117

"არც ერთ პარლამენტში რომელშიც მე ვყოფილვარ, არ მახსოვს რომ პრეზიდენტისათვის სიტყვის თქმაზე უარი ეთქვათ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრეჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ "ქრონიკასთან" საუბრისას თქვა. 

"პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს ბოლო სიტყვით. სად წერია რომ ბოლო სიტყვით გამოსვლის უფლება ერთჯერადია და ჩართვის უფლება არ აქვს? გნებავთ შევარდნაძე, სააკაშვილი. ისინი ყოველთვის ამ მოხსენებების დროს ერთვებოდნენ", - აცხადებს ჩიხრაძე. 

"დღეს პრეზიდენტს უზღუდავენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. ხვალ შეიძლება თქვენ მოგადგნენ და ეს თქვენ გამოგიცდიათ", - განუცხადა ჟურნალისტს ფიქრია ჩიხრაძემ. 

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე. 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვა, განაცხადა, რომ შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. მან არც კორუფცია გამორიცხა.

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმაც მოითხოვა გუშინ, რომ სამართალდამცველებმა შეწყალების საქმეებზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყონ.