სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძის მეგობარი მიშა ჟორჟოლიანი "კურიერთან" ამბობს, რომ მისი ვარაუდით, კახას კლუბური ნარკოტიკის ნაცვლად, "მეფედრონი" შეაპარეს.
"კახა ცხოვრობდა სპორტული ცხოვრებით. კლუბებშიც დადიოდა. ვფიქრობთ, რომ იმ რაღაც უბედურ საშინელ მარილს არ გაეკარებოდა. ვვარაუდობთ, რომ ეს მარილი შეპარებულია კლუბურ ნარკოტიკში. შეაპარეს ეს უბედურება, რამაც ფატალური შედეგი მოიტანა. კახასთან ერთად ვინც გარდაიცვალა, ერთად იყვნენ. მესამეზეც გავიგეთ რომ გარდაიცვალა. სახლში მივიდნენ, დაიძინეს და გარდაიცვალნენ.
შეგახსენებთ, დღეს "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ყოველგვარი ნარკოტიკული საშუალების მიღებისგან, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ უცნობი ნივთიერებით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია გარდაცვლილები - კახა კიკნაძე და ლევან კალანდაძე არიან, რომლებიც საკუთარ სახლში გარდაიცვალნენ. შსს-ს განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკებით შესაძლო ინტოქსიკაციაა.