"ინტოქსიკაცია არ მომხდარა, სასწრაფო გამოვიძახეთ, რადგან ბიჭმა თითი მოიტეხა..." - კლუბის დამფუძნებელი

21:22 05-05-2018
1262

„ინტოქსიკაცია არ მომხდარა, სასწრაფო არ გამოგვიძახებია მსგავს რაღაცაზე,“ - ასე უპასუხა კლუბ მეტრონომის დამფუძნებელმა, გოგა ტვილდიანმა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამმა პირმა კლუბში დაუდგენელი ნივთიერება მიიღეს, სახლში მისვლის შემდეგ კი გარდაიცვალნენ.

კლუბის დამფუძნებელი შაბათის კურიერთან ინტერვიუში ახალგაზრდების მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კლუბში მათ ნარკოტიკული საშუალების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

გოგა ტვილდიანის თქმით, გუშინ სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმის გამო გამოიძახეს, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა თითი მოიტეხა. 

„უბრალოდ, ბიჭმა თითი მოიტეხა, გარეთ, შემოსასვლელში წაიქცა. სხვა შემთხვევისთვის სასწრაფო არ ყოფილა, - ამბობს ის. 

სამი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზებს ექსპერტიზა ამ წუთებში ადგენს, თუმცა, წინასწარი ვერსიით, სამივე ახალი თაობის ნარკოტიკმა მეფედრონმა იმსხვერპლა.

გარდაცვლილების მეგობრები ვარაუდობენ, რომ კლუბში მათ დაუდგენელი ნივთიერება მიიღეს, გამთენიისას სახლში მისულებმა კი დაიძინეს და ვერც ერთი ვეღარ გააღვიძეს.

შეგახსენებთ, დღეს თეთრი ხმაურის მოძრაობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ყოველგვარი ნარკოტიკული საშუალების მიღებისგან, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ უცნობი ნივთიერებით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია გარდაცვლილები - კახა კიკნაძე და ლევან კალანდაძე არიან, რომლებიც საკუთარ სახლში გარდაიცვალნენ. შსს-ს განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკებით შესაძლო ინტოქსიკაციაა.