ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე ევროპაში თავშესაფარს ითხოვს

21:58 05-05-2018
579

კურიერის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ საქართველო დატოვა და ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი მღვდლის, მამა გიორგი მამალაძის სიძე, ლაშა დვალიშვილი იყო ბოლო ადამიანი, ვინც დაკავებამდე დეკანოზს შეხვდა.

დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება და პროკურატურა ცდილობს, მას ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენოს.

ლაშა დვალიშვილი იყო ბოლო, ვინც გაფრენის წინ მამა გიორგი მამალაძეს ტელეფონით ესაუბრა. გიორგი მამალაძემ გერმანიაში წასვლამდე ლაშა დვალიშვილს 1000 დოლარი გადასცა, ფულის მიღებამდე კი დვალიშვილი დმანისში იმყოფებოდა, სადაც ოქროს წარმოებისთვის ციანიდის გამოიყენებენ.

კურიერის ინფორმაციით, პროკურატურა მუშაობს ვერსიაზე, რომ 1000 დოლარად მღვდლის სიძემ დმანისში ციანიდი იყიდა და გერმანიაში გამგზავრების წინ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გადასცა, თუმცა ირკვევა, რომ მთავარი მოწმე ქვემო ქართლში სულ სხვა მიზნით ჩავიდა.

ე.წ. ციანიდის საქმეში არის კიდევ ერთ მტკიცებულება, სადაც მოწმე დვალიშვილი ფიგურირებს. დეკანოზი მამალაძე ღამით აეროპორტში მისი მანქანით წავიდა, გამგზავრების ტერმინალში შესვლიდან მალევე კი ის დააკავეს და როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩანთიდან ციანიდი ამოუღეს.

დვალიშვილი ამბობს, რომ მღვდელს მანქანა გაუფუჭდა და ავტომობილი მან ათხოვა.

მღვდლის დაკავებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ დეკანოზის სიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის მეუღლე მაშინ სახლში, ბავშვებთან ერთად, მარტო იმყოფებოდა. დვალიშვილის მეუღლე იხსენებს, რომ სამართალდამცველები მას ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ.

პროკურატურის უნდობლობის გამო, არ არის გამორიცხული, რომ თავშესაფარი ოჯახმაც მოითხოვოს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ პირველად პრაიმტაიმს ექსკლუზიურად დაუდასტურა იმ პირის გამოვლენის შესახებ, ვისგანაც გიორგი მამალაძემ, სავარაუდოდ, ციანიდი შეიძინა.

გამოძიების შედეგად გამოკვეთილი არის კონკრეტული პირი, რომელთანაც გიორგი მამალაძე სწორედ გერმანიაში გამგზავრების წინ აწარმოებდა აქტიურად მოლაპარაკებას – 2 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ რაღაცის შესაძენად, რასაც საუბარში არ აკონკრეტებს. ამ პირმა იცრუა დაკითხვისას და განაცხადა, რომ მამალაძე თანხას თითქოს ბანკის სესხის დასაფარად აძლევდა. ამასთანავე, დავადგინეთ, რომ ეს პირი მამალაძის გერმანიაში გამგზავრების წინა დღეებში იმყოფებოდა დმანისში, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც იცრუა, რომ დმანისში არასდროს იყო ნამყოფი. ეს გარემოება არ იქნებოდა საეჭვო, რომ არა ერთი დეტალი – დმანისი არის რეგიონი, სადაც საქმიანობს ერთადერთი კომპანია საქართველოში – „არ ემ ჯი გოლდი“, რომელიც საქმიანობაში იყენებს ნატრიუმის ციანიდს, ვინაიდან ამ ეტაპზე გამსაღებლის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება არის საჭირო, საქმეზე ამ ეტაპზეც გრძელდება გამოძიება, - აცხადებდა 2018 წლის იანვარში პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პროკურორი ჯარჯი წიკლაური.