თბილისის საფრთხეშია?! - რატომ დაიმალა ექსპერტიზის ბიუროს სკანდალური დასკვნა?

10:05 05-07-2018
190

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის ცენტრალური შენობა საფრთხის შემცველია. ამ დასკვნამდე მივიდა აუდიტის სამსახური მას შემდეგ, რაც შენობის სარემონტო სამუშაოები შეისწავლა. რა საფრთხე ელის ეროვნულ არქივს და რამდენად დაცულია იქ დასაქმებული პერსონალის სიცოცხლე? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ აუდიტის სპეციალურ ანგარიშს გაეცნო, რომელსაც თან ერთვის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაუმართლებელია. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 2 თებერვალს, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შენობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. 

უფრო ზუსტად კი მოვლენათა ქრონოლოგია ასეთია: იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ თბილისის არქივის შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან, შპს „ერთიჯისთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს ჯერ კიდევ 2014 წლის 8 აგვისტომდე უნდა შეესრულებინა ზემოაღნიშნული სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება 2 მილიონ 795 ათას ლარს შეადგენდა. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. არაჯეროვანი შესრულებისთვის კი მას დაეკისრა პირგასამტეხლო 35 ათას 230 ლარის ოდენობით და სააგენტომ კომპანიასთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამ დროისთვის შპს „ერთიჯის“ უკვე გახარჯული ჰქონდა 2 მილიონ 510 ათასი ლარი, ანუ საერთო ღირებულების 90 პროცენტი. 

და საინტერესოა, როგორ წარიმართა დაუსრულებელი შენობის ექსპერტიზისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესი:

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სააგენტომ მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესრულებული ლითონკონსტრუქციების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული შენობის ლითონის კონსტრუქციების ხილული ნაწილის კვანძები შესრულებულია პროექტისა და სამშენებლო ნორმების დარღვევით, კერძოდ, „ერთ-ერთი სვეტის კვანძზე არ არის მოწყობილი ჭანჭიკები და ლითონის კოჭის ჩამაგრების კვანძი შესრულებულია წერტილოვანი შედუღებით, რაც საფრთხის შემცველია“. 

მიუხედავად ამისა, სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წლის 16 ნოემბერს მიმართა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, შენობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. პირველ ჯერზე, 2015 წლის 9 დეკემბრის ზედამხედველობის სამსახურის წერილით სააგენტოს ეცნობა აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. უფრო მეტიც, 2016 წლის 11 იანვრის დადგენილებით, აღნიშნული შენობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით განხორციელებისთვის, ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე სერვისების განვითარების სააგენტო 3000 ლარით დაჯარიმდა. თუმცა ზუსტად ორ კვირაში, 2016 წლის 2 თებერვალს ზედამხედველობის სამსახურმა სრულიად მოულოდნელად შენობის ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება გამოსცა.  

აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, უბრალოდ, დაიმალა. აღმოჩნდა, რომ სერვისების განვითარების სააგენტომ მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ წარუდგინდა ექსპერტიზის ბიუროს შეფასება, სადაც სწორედ არსებულ საფრთხეებზე იყო საუბარი. 

სააგენტოს განმარტების მიხედვით, მათ მყისიერად აღმოფხვრეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში არსებული „საფრთხის შემცველი“ ხარვეზი, ხოლო დასკვნაში წარმოდგენილი სხვა შეუსაბამობები ავტომატურად არ მიუთითებს შენობის ექსპლუატაციის საფრთხეზე.

შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში არც ერთ შემთხვევაში არ ფიგურირებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც შენობის ხარვეზებზე მიუთითებს. ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, მათთვის აღნიშნული დასკვნის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

არადა, ზედამხედველობის სამსახურის დებულების მიხედვით, სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს ექსპლუატაციაში მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობები, ასევე, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები, რაც არ განხორციელებულა.

რატომ არ იქნა გამოყენებული ექსპერტების მოწვევის უფლებამოსილება და რა შემთხვევაში დადგებოდა სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მოთხოვნის აუცილებლობა? შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მათ ხელთ არსებობის შემთხვევაში, იქონიებდა თუ არა გავლენას აღნიშნული დასკვნა გადაწყვეტილებაზე და მაინც მიიჩნევდნენ თუ არა შენობას ექსპლუატაციისთვის შესაბამისად? აუდიტის სამსახურმა ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერც ზედამხედველობის და ვერც არქიტექტურის სამსახურიდან ვერ მიიღო. 

აუდიტის სამსახურმა, ასევე, მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის პასუხიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაუმართლებელია, კერძოდ: „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არქივის შენობის მზიდი კონსტრუქციების ცალკეული კვანძები ვერ აკმაყოფილებს პროექტითა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ცალკეული კვანძები კი საფრთხის შემცველია. როგორც წესი, ასეთი შენობის საექსპლუატაციო მედეგობა შემცირებულია, შესაბამისად, აღნიშნული სახით შენობის ექსპლუატაცია გაუმართლებელია“. 

აუდიტის პირველად ანგარიშზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებას, სერვისების განვითარების სააგენტოს გაეგზავნა 2018 წლის 31 იანვარს, სამინისტრომ წარმოადგინა რიგი არგუმენტები და შპს „ოპტიმუსის“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2018 წლის 8 თებერვლით თარიღდება.

წარმოდგენილი პასუხის მიხედვით, წულუკიანის უწყება აღნიშნავს:  „დაუყოვნებლივ გატარდა ზომები, რათა ის ხარვეზი, რომელიც შესაძლებელია, ჩათვლილიყო საფრთხის შემცველად, აღმოფხვრილიყო, რაც განხორციელდა კიდეც ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე (ანუ 2015-2016 წლების მიჯნაზე). ამდენად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ის ვითარება, რაც არსებობდა 2015 წლის 3 ნოემბერს ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მომენტში, განსხვავდებოდა შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროისთვის არსებულისგან“. 

სამინისტროს პასუხის მიხედვით, სამუშაოები ჩატარდა კონკრეტულ კვანძზე, რომელიც ექსპერტიზის მიერ შეფასებული იყო როგორც „საფრთხის შემცველი“. ასევე, სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის შემაჯამებელი შეფასება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ არსებული შენობა იმჟამად იყო ექსპლუატაციისთვის უვარგისი. ექსპერტიზის პირვანდელ დასკვნაში ერთადერთი ფრაგმენტი, სადაც აღნიშნულია საფრთხის შესახებ, შეეხება მხოლოდ ერთ სვეტს და ეს ხარვეზი გამოსწორდა იმხანადვე“. 

კონკრეტულ კვანძზე ჩატარებულ სამუშაოებს ადასტურებს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შპს „ოპტიმუსის“ დასკვნაც, რომლის მიხედვითაც: „ხარვეზები აღმოფხვრილია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი „საფრთხის შემცველ“ კვანძში, სადაც კვანძის გადაბმისა და სიხისტის გაძლიერების მიზნით, დამატებით მოწყობილია ჭანჭიკები. აღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები ეხება კონკრეტული ლითონკონსტრუქციების შედუღების შესრულებულ კვანძებს, თუმცა ეს არ არის სახასიათო მთელი შენობისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე შენობის მზიდ კონსტრუქციებსა და მათ შემადგენელ ელემენტებში არ არის განვითარებული მისი საერთო მდგომარეობისთვის საშიში მოვლენები, კერძოდ ბზარები, ჯდენები, რღვევები და ა.შ. ლითონკონსტრუქციებად გამოყენებულია საკმაოდ მძლავრი მზიდუნარიანობის ნაგლინი ლითონის მასალა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, დასკვნაში მოყვანილ ხარვეზებს შენობის, როგორც განვლილი პერიოდის და ასევე მისი შემდგომი ექსპლუატაციისთვის, სახიფათო გარემო არ შეუქმნია და არ ქმნის“, – ასეთია იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული კერძო საექსპერტო დაწესებულების დასკვნა.

სამინისტროს მიერ შპს „ოპტიმუსის“ ექსპერტიზის ამ დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, აუდიტის სამსახურმა კვლავ მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კითხვით და გაუგზავნა მას შპს „ოპტიმუსის“ დასკვნა. და აი, რა ირკვევა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული პასუხით: 

„დასკვნაში მითითებული კვანძი (სადაც არ იყო მოწყობილი ჭანჭიკები) ჩამაგრების პრინციპის დარღვევიდან გამომდინარე ქმნიდა ლოკალურ საფრთხეს, თუმცა მხოლოდ მისი გამოსწორებით და აღნიშნული საფრთხის მოხსნით ვერ შეიცვლება მთლიანობაში შენობაში არსებული მდგომარეობა, რაც შექმნილია სხვადასხვა ზონებში პროექტისა და სამშენებლო ნორმების დარღვევით ლითონკონსტრუქციების კვანძების უხარისხო მოწყობით, რის გამოც მისი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის “.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აუდიტორები ასკვნიან, რომ სერვისების სააგენტომ 2015 წლიდან დღემდე ვერ უზრუნველყო ლითონკონსტრუქციის ხარვეზების გამოსასწორებლად სამუშაოების ჩატარება. 

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხარვეზების გამოსასწორებელი სამუშაოები გათვალისწინებული იყო სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტში. მიმდინარე წელს სააგენტომ განახორციელა სამუშაოების შესყიდვა და შესაბამისი ღონისძიებები აუდიტის ანგარიშის გაცემის დროს მიმდინარეობს“. 

აუდიტის ობიექტის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, არქივის ორსართულიან შენობაში, სადაც განთავსებულია საოფისე ნაწილი და სამუშაო პერიოდში იმყოფებიან თანამშრომლები, გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო მდგრადობის დასადასტურებლად, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაგზავნილია მოთხოვნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. 

შენობის ერთსართულიან ნაწილში კი, სადაც განთავსებულია საარქივო მასალები, ამჟამად გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის 50%-მდე. 

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, დღეის მდგომარეობით, არქივის შენობის ექსპლუატაცია არ მიმდინარეობს. დაცლილია ადმინისტრაციული შენობა და თანამშრომლები სამუშაოდ გადაყვანილი არიან ალტერნატიულ ტერიტორიაზე. 

„აუდიტის სამსახური ვერ დარწმუნდა არქივის შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზანშეწონილობაში. როგორც აღინიშნა, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, სააგენტომ დაიწყო სამუშაოების ჩატარება, თუმცა მათი მოცულობისა და ხარისხის შეფასება სცდება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას. ვინაიდან საქმე ეხება ექსპლუატაციაში არსებულ შენობას, მივიჩნევთ, რომ პრიორიტეტულია გამოსასწორებელი სამუშაოების დროული დასრულება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შენობის მედეგობის შეფასება. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ, სააგენტოსთან ერთად, უზრუნველყოს აღნიშნულ პროცესში არსებული ხარვეზების მიზეზების მოკვლევა და მოახდინოს სათანადო რეაგირება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დროულად გამოსწორდეს შენობის კონსტრუქციული ნაწილის ხარვეზები, ხოლო გამოსასწორებელი სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდეს შენობის მედეგობის შეფასება“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

პ.ს გაზეთ პრაიმტაიმის დღევანდელ ნომერში დაიფიქსირდა უზუსტობა, თბილისის სერვისების განვითარების სააგენტოს ნაცვლად გამოყენებულია ეროვნული არქივის ფოტო, რის გამოც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.