ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია 14 წლის შემდეგ საქართველოში ბრუნდება. ყოფილმა მაღალჩინოსანმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წელს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და შესაბამისად, ის უდანაშაულოდ ცნო.
სააპელაციო სასამართლომ ძებნილი მსჯავრდადებული თემურ ბასილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე გაამართლა.
ბასილიამ მთავარ პროკურატურას საჩივრით ხელისუფლების შეცვლისთანავე მიმართა, სადაც ის ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას და მისი დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა პირველ ჯერზე სააპელაციო სასამართლომ მისი საქმის გადასინჯვაზე უარი თქვა და ამერიკაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს შეუთვალა, რომ მისი საქმე მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაიხედებოდა.
„სააპელაციო სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, მე უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში, სადაც დამაპატიმრებდნენ, ჩამსვამდნენ ციხეში და დავიწყებდი სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი უკანონო სასჯელის მოხდას. მხოლოდ ამის შემდეგ მომეცემოდა უფლება, გამესაჩივრებინა ეს უკანონო განაჩენი“, – ამბობს თემურ ბასილია.
როგორ უნდა ჩამოსულიყო ქვეყანაში აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფი ბასილია, რომლის ქართულ პასპორტს ვადა ჯერ კიდევ 2009 წელს გაუვიდა? აშკარაა, პოლიტიკურად დევნილ პირს სურვილის შემთხვევაშიც კი თვითმფრინავის ტრაპზე ასვლის საშუალებას არ მისცემდნენ და იმ ქვეყანაში არ გაუშვებდნენ, საიდანაც ის იდევნებოდა. ასე რომ, ლეგალური გზით ამ დრომდე მისი ქვეყანაში დაბრუნება შეუძლებელი იყო.
ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი პროკურატურის დადგენილება აღმოჩნდა. საგამოძიებო ორგანომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საქმე ხელახალი განხილვისთვის კვლავ მეორე ინსტანციას დაუბრუნა. და უკვე გასულ კვირას, მეორე ინსტანციამ საქმეზე შემაჯამებელი განაჩენი გამოიტანა და ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი უდანაშაულოდ ცნო. ახლა თემურ ბასილიას უკვე ყველა ლეგალური შესაძლებლობა აქვს სამშობლოში დასაბრუნებლად და როგორც თავად აცხადებს, ის ამ შესაძლებლობის გამოყენებას მალევე გეგმავს.
ბასილიას თქმით, სასამართლომ დეტალურად განიხილა მისი საქმე: დაკითხა 20-მდე მოწმე, შეისწავლა პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულება და ამის საფუძველზე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება.
„ასევე, მინდა აღვნიშნო პროკურატურის როლი, რომელმაც საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ მიმართა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო და არასამართლიანი განაჩენის გადახედვის თხოვნით“, – განაცხადა თემურ ბასილიამ.
უდანაშაულოდ ცნობამდე ის საერთაშორისო ძებნილთა სიიდანაც ამოიღეს. ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში მიიღო.
„2016 წელს ოფიციალურად მივიღე შეტყობინება „ინტერპოლის“ ცენტრალური ოფისიდან, საფრანგეთიდან, რომ ჩემზე ძებნა შეწყდა. ადრეც მქონდა ამ თემაზე საუბარი, რომ, როგორც კი აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე, ამერიკელი იურისტის მეშვეობით მივმართე „ინტერპოლის“ ცენტრალურ ოფისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში. იყო საკმაოდ სერიოზული მიწერ-მოწერა, საკითხის შესწავლა. 2012 წლის დეკემბერში მივიღეთ „ინტერპოლიდან“ ოფიციალური წერილი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი წავიდა, მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ერთადერთი შეეძლოთ უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფა. შემომთავაზეს რაღაც ვარიანტები, რაზეც მე თანხმობა მივეცი.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ასეთი კურიოზული სიტუაცია, რომ მე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვიყავი ინტერპოლის არხებით ძებნილი, თუმცა, ამავე დროს, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს გაცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტში ჩემი დაკავება არ მომხდარიყო.
ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღების შემდეგ, მე და ჩემმა ამერიკელმა იურისტმა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მივმართეთ, რაში იყო საქმე და რატომ არ ხდებოდა ჩემი ამოღება ძებნილთა სიიდან.
როგორც ჩანს, ამას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და როგორც საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ისე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად მაცნობეს, რომ ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა“, – განაცხადა თემურ ბასილიამ.
რას ედავებოდა გამოძიება თემურ ბასილიას?
თემურ ბასილია გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ქრთამის აღების ცრუ ბრალდებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდადებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.
ახალი გამოძიებით კი გამოირკვა შემდეგი: „2006 წლის 25 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობისა და დოკუმენტის გაყალბებისთვის დააკავა სს „ინტელექტბანკის“ გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. პროკურატურას სურდა, დანაშაულში გამოევლინა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო ხელისუფლებასთან.
ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს „ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ სალიასა და კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდათ, თითქოსდა თემურ ბასილია „ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას.
პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდადებული. ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდადებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდადებული სრულად გაამართლა ბრალდებაში“.
დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 58 მსჯავრდადებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 23 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
რა აპირებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თემურ ბასილია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისი მეგობრები, მათ შორის პოლიტიკური წრეებიდან, არ გამორიცხავენ, რომ ის აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს. კონკრეტულად ვისთან ერთად და რა მიმართულებით მოსინჯავს ძალებს შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი, ეს უკვე მისი დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.