ავტორი: ეკა პატარაია
საქართველოს კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტმა 85 ხმით მიიღო. კანონპროექტი, რომელიც 1 მაისს ამოქმედდა, თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია: თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირება; თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება; თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება; მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება; საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან; მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა, თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა, გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია, თავი დაანებონ მოწევას. კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებებია: თამბაქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვა; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა; ელექტრონული სიგარეტების რეგულირება; საცალო გაყიდვის აკრძალვა ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა. კანონპროექტის თანამდევი შემდეგი კანონპროექტების ინიციატორი (რომელთა შორისაა ჭარბი წონის შესახებ რეგულაციები) პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა.
„პრაიმტაიმი“ გუგული მაღრაძეს ესაუბრა:
– ქალბატონო გუგული, სანამ თამბაქოს შესახებ გკითხავთ, ჭარბწონიანობის საკითხზე მინდა ვისაუბროთ. რატომ გაგიჩნდათ იდეა აღნიშნული საკითხისთვის კანონპროექტის სახე მიგეცათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მაინც ინდივიდუალურია და მისი კანონის ფარგლებში მოქცევა ცოტა უცნაური იქნება?
– საქმე ეხება არა გახდომას, არამედ ჭარბწონიანობას და მისი მიზეზით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ებრძვიან ამ პრობლემას, იმიტომ რომ ძალიან იმატა მოზარდებში, რაც მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, შრომისუნარიანობა ქვეითდება, მეხსიერებაზე მოქმედებს... ეს არ არის ის თემა, რომელიც კანონმდებლობით დარეგულირდება, ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც კვლევა სჭირდება: რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში ჭარბწონიანობას? რამდენი ადამიანი გვყავს ასეთი? რა გარემოში არიან? როგორია მათი კვებითი რაციონი და რეჟიმი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში? რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? ვიღაცებმა დაწერეს სოციალურ ქსელში, ახლა მაგის ფული სად არისო... ზოგმა რა თქვა, ზოგმა – რა. ადამიანები თავიდანვე არ არიან მიჩვეულები პრობლემასთან ბრძოლას, მერე, როცა აღმოაჩენენ, რომ დიაბეტის, პანკრეასის, ღვიძლისა და ბევრი სხვა პრობლემა ჰქონიათ, რთულია მკურნალობა. ეს განპირობებულია იმ არასწორი გარემოთი, რომელშიც იზრდება ახალი თაობა და ვფიქრობ, ჩვენ, პარლამენტარებმა, ასეთი საკითხები უნდა წამოვწიოთ წინ, რათა საზოგადოება ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე არ დადგეს. ჯერჯერობით გავიცნობთ, შევისწავლით ვითარებას. მერე ვნახოთ, კანონი სჭირდება ამას, მთავრობის დადგენილება, მედიის მუშაობა, განათლების სისტემაში მუშაობა თუ რა სჭირდება?! ჩვენთვის მთავარია, თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ამას უნდა დიდი ყურადღების მიქცევა. არ აღმოიფხვრება მთლიანად, მაგრამ თანდათანობით შემცირდება. თქვენ იცით, რომ შუა საუკუნეებში საერთოდ ცოტა იყო მსუქანი ადამიანი? ეს იგი, იცვლება რაღაც, გარემო იცვლება, კვება იცვლება, ცხოვრების წესი იცვლება. ეს არის კომპლექსური პროგრამა, რასაც მარტო ერთი და ორი ადამიანი ვერ გადაწყვეტს. რაც შეეხება ინდივიდუალობას, სწორედაც რომ ინდივიდამდე არ მიდის. ნახეთ, რა ხდება სკოლის სასადილოში, რას ჭამენ ბავშვები. სწრაფი, უხარისხო კვება და უმოძრაობა ვნებს ბავშვს. მთელი დღე კომპიუტერთან სხედან, გაკვეთილებზე. აუცილებელია სპორტული აქტივობები ჩავრთოთ მათ ცხოვრებაში... წლებია მუშაობს მსოფლიო ამ საკითხზე, ევროპის კონვენცია არსებობს ჭარბწონიანების წინააღმდეგ. მე მართლა მაინტერესებს ეგ ამბავი. როგორი რეკომენდაციები შეგვიძლია გავცეთ, როგორ მოვახდინოთ ამის მონიტორინგი? საინტერესო კვლევაა ამ თემისთვის. შეიძლება ამას სულაც არ სჭირდება არანაირი კანონი და სხვა დონეზე უნდა მიხედვა, არ ვიცი, მე ვიცი, რომ ეს არის ხანგრძლივი სამუშაო. საპარლამენტო მუშაობა მარტო კანონის წერა არაა. საკანონმდებლო ჯგუფმა უნდა იმუშაოს ჰაერის დაბინძურების საკითხებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხვალვე კანონად იქცევა. ჯერ უნდა დადო მასალა, მერე უკვე მასალა გიჩვენებს, კანონი სჭირდება ამას თუ რა. ამაში უნდა იყოს ჩართული დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის ორგანიზაციები, საგანმანათლებლო, ეკონომიკის ექსპერტები. თამბაქოზე გგონიათ, ერთი და ორი წლის ნამუშევარი იყო?
– საერთოდ, მგონია, ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის და ძალიან დააგვიანა კანონში შესვლა, თუმცა ბევრისთვის, პირველ რიგში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებისთვის და რეალიზატორებისთვის ეს დამაზარალებელია.
– თამბაქო რომ მავნებელია, დახურულ სივრცეში რომ არ უნდა მოწიო და მეორე ადამიანს არ უნდა მიაყენო ჯანმრთელობის ზიანი, რომელიც არ ეწევა, ამას კიდევ რამე მტკიცება უნდა? თამბაქოს წარმოება მთელ მსოფლიოში წინააღმდეგია ნებისმიერი რეგულაციისა. ცხადია, თამბაქოს წარმოებას უნდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოსწიოს და ბევრი გაეყიდოს. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, ჩვენ – ჩვენი. იმისთვის არ ვართ ხელისუფლებაში მოსული, რომ თამბაქოს წარმოებას ვემსახუროთ, ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობას. რასაც მერე სახელმწიფო ხარჯავს თამბაქოს კვამლით დაავადებულ ადამიანებზე, ის გაცილებით მეტია, ვიდრე ის შენატანი, რაც თამბაქოს ინდუსტრიიდან შემოდის სახელმწიფო ბიუჯეტში. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანონი ძალიან კარგად იმუშავებს, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები მაინც კანონმორჩილები არიან. შეიძლება პირველი-ორი თვე გაუჭირდეთ, მაგრამ მერე ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდება. მასე ღვედებსაც არ იკრავდნენ.
– ზოგადად, თქვენს ყველა იდეასა თუ კანონპროექტს ჩვენი საზოგადოება ცოტა ირონიით ხვდება. ალბათ, თავადაც წაგიკითხავთ და მოგისმენიათ.
– მთავარია, ადამიანი მართალი იყოს, არ ატყუებდეს ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვას, თორემ ვიცი, ყველას რომ არ მოეწონება. მე ყოველთვის ვიღებ რჩევას, რეკომენდაციებს, კრიტიკას, ოღონდ დასაბუთებულს. თუ არ მაქვს ამ კრიტიკაზე პასუხი, დავეთანხმები. თუ მაქვს, მაშინ მე დავასაბუთებ აზრის სისწორეს. იყოს ეგეც, საჭიროა. მთავარია, გააცნობიერონ. ზოგი იქილიკებს, – რა ვქნათ ახლა, სიგარეტს თუ აღარ გვაწევინებთ, საჭმელიც აღარ ვჭამოთო? ზოგი გეუბნება, გვერდში გიდგავართ. ამას ძალიან გაგებით ვეკიდები და არ მაქვს გართულება. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვარ ჩართული ფეისბუკ-სტატუსებსა თუ კომენტარებში, ფეისბუკი მაქვს იმიტომ, რომ საჯარო მოხელე ვარ და უნდა მქონდეს, ჩემს გამოსვლებს ვდებ. ნეტა იმ მეილებისთვის მაპასუხებინა, რაც მომდის ყოველდღიურად.
დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიკვეთა. ზოგიერთ რესტორანში ცვლილებებს მიესალმებიან და ამბობენ, რომ პირიქით, დიდი კომფორტია და ამით მომხმარებელთა რიცხვი სულაც არ შეუმცირდებათ, ზოგიც ფიქრობს, რომ ეს კანონი პირდაპირ მათი ბიზნესის წინააღმდეგ არის მომართული. როგორ იმოქმედებს კანონი „ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტზე“, რომელიც სწორედ ღია თუ დახურულ სივრცეებზეა აწყობილი, არავინ იცის. როგორც ამ პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნა, ვარაუდებით ლაპარაკი ძნელია. კანონი თავისთავად მისასალმებელია და იმედი აქვს, რომ მწეველების რაოდენობა ქვეყანაში თანდათანობით იკლებს.
ლაუნჯ-ბარი „ჰელიუმი“:
„ზოგადად, არ მივესალმები ამ კანონპროექტს. ჩვენი ბიზნესისთვის ეს ძალიან ცუდია, დაახლოებით 60/70%-ს მომხმარებლისას შეამცირებს. კარგი იქნება, თუ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მოგვცემენ ლიცენზიას, რის საფუძველზეც გარეთ გვექნება რეკლამა, რომ მოწევა შესაძლებელია. ამის შემდეგ მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, შევიდეს თუ არ შევიდეს ამ ლაუნჯ-ბარში. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრება კარგია, მაგრამ ჩვენნაირი დაწესებულებებისთვის, ზოგადად, ბიზნესისთვის ძალიან ცუდი კანონია. ყველანაირად მოვაწყვეთ, გავმართეთ ბარი, რათა მომხმარებელს დისკომფორტი კი არა, პირიქით, კომფორტი ჰქონოდა. ძალიან დიდი ინვესტირება გავაკეთეთ გამწოვ სისტემებზე, ყველაფერზე და გამოდის, რომ სულ ტყუილად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ამ მხრივ, ჯერ დიდი პრობლემა არ შეგვქმნია, ყველა გაგებით მოეკიდა სიახლეს, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალში შეგვექმნება პრობლემები“.
რესტორანი „ფაეტონი“:
„ჩვენი მომხმარებლის 70% არის უცხოელი, მათ შორის არიან დიპლომატები. ყველა ისედაც ეწეოდა გარეთ და ახლა, ქართველიც რომ შემოვა, კეთილი ინებოს და მოსაწევად გავიდეს გარეთ. ამის კომფორტი ნამდვილად გვაქვს აქ, ყველგან სტიკერები გვაქვს გაკრული, დავდეთ დეკორატიული საფერფლეები, გვაქვს დიდი, მწვანე, ძალიან ლამაზად მოწყობილი ეზო, ყველა გამოდის ეზოში და იქ ეწევა. ასე რომ, ეს ჩვენთვის არანაირი დისკომფორტი არ არის, აკრძალვაც კი არ ყოფილა, იმდენად იციან ეს. არანაირად არ გვაზარალებს ეს, ამაზე არ ვნერვიულობთ, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად მისაღები, ნორმალური ამბავი. ამით ჩვენ კლიენტს არ დავკარგავთ. ზამთარშიც და ზაფხულშიც ამის საშუალებას იძლევა ჩვენი ეზო. ეს კანონი აუცილებლად იყო მისაღები და ნებისმიერ ასეთ კანონს, რაც სწორია და ნორმალური, მივესალმებით. თუ დამიჯერებთ, პირიქით, საოცარი კომფორტია ყველასთვის“.
კაფეს მფლობელი:
„იცით, როგორი ხალხი შემოდიოდა? ახალგაზრდები, ძირითადად უსაქმურების კატეგორია. ორ ჭიქა ყავას აიღებდნენ და მთელი დღე აქ ისხდნენ, ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდნენ. თუკი ვინმეს ეს არ მოსწონს, ჭკუათმყოფელია. ასე ვართ ყველაფერში ქართველები. ჩვენი მენტალიტეტი ხომ ასეთია, რომ კარგ სიახლეს ვერ იღებს, ადაპტირებას სწრაფად ვერ ახდენს. მე მფლობელი ვარ ამ კაფესი, ჩემია. ძალიან მომწონს, მიხარია. ნუ შემოვა, ნუ მოწამლავს სხვას. მე პირადად ვეკუთვნი იმ კატეგორიას, ვისაც ურჩევნია ჯანსაღი და ნორმალური ცხოვრება. ასთმა მაქვს, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. არავინ მინდობდა. ძალიანაც კარგი, რომ მიიღეს ეს კანონი, თუნდაც შემცირდეს ჩემი მომხმარებლების რაოდენობა, სამაგიეროდ, ვინც შემოვა, მას ექნება პატივისცემა სხვის მიმართ, რომ იქ, გვერდით მაგიდასთან ბავშვიც ზის და არ უნდა გაუბოლოს“.