ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
21 მარტს ამირეჯიბის ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ სანახევროდ... ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელის, ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა 37 წლის გია ჩოფლიანს, თუმცა, როგორც გარდაცვლილი ბიზნესმენის, ისე ბრალდებულის ოჯახში დარწმუნებულნი არიან, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და ჩოფლიანი ვიღაცის დავალებას ასრულებდა.
ახლა გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას – ვინ და რა მოტივით დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა?
ბრალდებული გია ჩოფლიანი აფხაზეთიდან დევნილია და ის მოსკოვის გამზირზე დევნილთა საცხოვრებელში ცხოვრობს, თუმცა ერთ თვეზე მეტია, სახლში აღარ გამოჩენილა. მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ ოჯახის წევრებსაც. „პრაიმტაიმს“ ბრალდებულის მამა, რამაზ ჩოფლიანი უყვება, როგორ გავიდა გამოძიება მისი შვილის კვალზე. სანამ რამაზ ჩოფლიანთან ინტერვიუს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ ბრალდებული წარსულშიც არაერთგზის არის ნასამართლევი, მათ შორის იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა და პრობაციის სააგენტოში პერიოდულად საკუთარ ხელმოწერას აფიქსირებდა. ჩოფლიანების ოჯახი საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობს. ბრალდებულის მამა გვიყვება, რომ მისი შვილი მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული და ნარკოდამოკიდებულების გამო ოჯახის წევრებზე არაერთხელ უძალადია, მათ შორის იყო მკვლელობის მუქარაც და თვითმკვლელობის მცდელობაც...
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 21 მარტს, დაახლოებით, 13:30 საათზე, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე, #1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე და სხეულზე დაზიანება მიაყენა ამავე ბინაში მყოფ ქალბატონს თამარ ბარბაქაძეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვისა“ და „ბერეტას“ სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გია ჩოფლიანს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, პოლიციაში ჩაბარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ მას ბრალი შეუმსუბუქდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დამკვეთის ვინაობას დაასახელებს.
და ამ მკვლელობას რომ ნამდვილად ჰყავს დამკვეთი, დარწმუნებულნი არიან როგორც გარდაცვლილის, ისე ბრალდებულის ოჯახის წევრები. ნუგზარ კახიძის შვილიშვილი ამბობს, რომ „ის გია ჩოფლიანს არ იცნობს და ბრალდებულს გარდაცვლილ ბიზნესმენთან არანაირი კავშირი არ ჰქონია“.
„არც გაგვიგია, ვინ არის, არანაირი კონტაქტი არ გვქონია. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ რაიმე კონტაქტი ჰქონოდა ნუგზართან. სავარაუდოდ, ეს ადამიანი დაქირავებულია ვიღაცის მიერ. წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოტივი შეიძლება იყოს. ეს შინაგან საქმეთა სამძებრო ორგანოების გამოსაკვლევია. ჩვენ ველოდებით, რომ დააკავებენ და გავიგებთ დამკვეთის ვინაობას. იშვიათი, არაკონფლიქტური ადამიანი იყო ნუგზარი, საქართველოში ასეთი ადამიანების პოვნა ძალიან რთულია, ამიტომ იყო თავზარდამცემი ყველასთვის მისი მკვლელობა, – გვითხრეს გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახში.
და რას ჰყვებიან ბრალდებულის ოჯახის წევრები? – ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ გია ჩოფლიანის მამას, რამაზ ჩოფლიანს ესაუბრა.
– რა კავშირი აქვს თქვენს ვაჟს ამ მკვლელობასთან, თუ გაქვთ ინფორმაცია?
– მე ამის შესახებ პოლიციისგან გავიგე, როცა სახლში ბრალდების დადგენილება მომიტანეს, სადაც ეწერა მუხლები და დანაშაული, რასაც ედავებიან. განზრახ მკვლელობააო.
– აქამდე გსმენიათ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის შესახებ რამე? რა აკავშირებდა თქვენს შვილს მასთან?
– პირველად გავიგე მაგ კაცის სახელი და გვარი. დარწმუნებული ვარ, არც გიას ჰქონია რამე ურთიერთობა აქამდე. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე მისგან არაფერი მსმენია.
– ბოლოს როდის ნახეთ თქვენი ვაჟი?
– ერთ თვეზე მეტი იქნება. ამ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე აღარ მოდიოდა სახლში. ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია და ჭკუაზე აღარ იყო ბოლო პერიოდში.
– რას გულისხმობთ?
– გამუდმებით ჩხუბი იყო ამის გამო სახლში. დედამისზე და მის დაზეც კი ძალადობდა წამლის გამო. რაც უნდოდა, თუ ვერ მიიღებდა, ატეხდა ერთ ამბავს, დალეწავდა აქაურობას. დანებიც კი გადამალული გვქონდა სახლში. ცუდად იყო. ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, სიარულიც კი უჭირდა და ეს როგორ გააკეთა, არ ვიცი.
– გამორიცხავთ, რომ მას მკვლელობა დაუკვეთეს, თანხის, ან თუნდაც ნარკოტიკების სანაცვლოდ?
– ფაქტია, რომ საქმეში დევს ორი პისტოლეტი. მხოლოდ ერთი მათგანი 3500-ზე მეტი ღირსო, მაყუჩიანი ყოფილა თან. მე ზუსტად ვიცი, რომ მას იარაღი არ ჰქონია. როგორ გაჩნდა მის ხელში იარაღი? ვინ მისცა? იარაღის შეძენის კი არა, ავტობუსით მგზავრობის ფულიც კი არ ჰქონდა. პრობაციაში რომ მიდიოდა, ჩვენ ვაძლევდით ერთ ლარს გზის ფულად, მეტს – არა. ამხელა ფული რომ ჰქონოდა, ის წამალს იყიდდა და არა იარაღს. ფაქტია, რომ ვიღაცამ მისცა.
– თუმცა, როგორც გავიგე, წარსულშიც იყო იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის ნასამართლევი...
– მაშინ ქურდობა მოხდა. მისი დეიდაშვილები დაიჭირეს ამ ფაქტზე იარაღით და თქვეს, რომ თითქოს გიამ ათხოვათ. ის სულ სხვა იარაღი იყო. ამოიღეს და მას შემდეგ არანაირი იარაღი არ ჰქონია.
– ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა?
– დიახ, არანორმალურად იქცეოდა. მოგკლავთ, დაგხოცავთო, – ყვიროდა ხოლმე. ღამე ადგებოდა და თავისთვის ლაპარაკობდა. რამდენჯერ სასწრაფო გვყავდა გამოძახებული. ჩვენ თვითონაც არ ვიყავით უსაფრთხოდ. ვყარაულობდით ხოლმე მთელი ღამე, რომ გაზი არ ჩაერთო და არ გადაეწვა სახლი. სამკურნალოდ გვყავდა ნარკოლოგიურში ქავთარაძეზე, იქიდანაც გამოიქცა. ვენებიც კი გადაიჭრა, ძლივს გადავარჩინეთ. ახლა მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და ტაბლეტებს სვამდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცას ამატებდა. საერთოდ, ჭკუაზე არ იყო. ვარკეთილში დადიოდა ამ ტაბლეტებზე. თუ თავისი ინიციატივით მოკლა დაყაჩაღების მიზნით, ხომ წაიღებდა რამეს. ერთი მანეთიც კი არ არის წაღებული. მას ვინმე ბიზნესმენთან შეხება არ ჰქონია. მისი საახლობლო წრე ისევ ამ ნარკომანებით შემოიფარგლებოდა, იქ მეტადონის პროგრამაში ვინც არიან, მათთან ჰქონდა კავშირი.
– სამართალდამცველებმა რა გითხრეს? როგორ გავიდნენ მის კვალზე?
– აქ იყვნენ მოსულები, ჩხრეკა ჩაატარეს. მანამდე პრობაციიდან რეკავდნენ, გამოცხადდეს ხელის მოსაწერად, თორემ პრობლემები შეექმნებაო. რომ არ გამოცხადდა, ალბათ, დაიწყეს გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ გაქცეულია. ოქმზე მომაწერინეს ხელი და მითხრეს, რომ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
– ანუ ფიქრობთ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობაა და თქვენს შვილს იარაღი ვიღაცამ მისცა?
– ასე გამოდის. მე ზუსტად რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მას თვითონ იარაღი არ ჰქონია. ვიღაცამ მისცა – ასე გამოდის.
„პრაიმტაიმი“ აქვე შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე შპს „ვარკეთილი 96“-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლდათ. მასთან ერთად აღნიშნულ კომპანიაში წილებს ინაწილებენ: გურამ ქაცანაშვილი 20%, იათამზე ქავთარაძე 5%, თემურ პირველი 30%, პაატა ნუცუბიძე 7.5%, ნესტან თოდუა 5%, გენრიხ ხერგიანი 2.5% და მზევინარ ხერგიანი 15%.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ირკვევა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღის წინ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნესტან თოდუა მოქალაქე პაატა ფრუიძის სასარგებლოდ წილის დათმობას აპირებდა, თუმცა რეესტრმა აღნიშნული ცვლილება სხვა პარტნიორების თანხმობის არარსებობის გამო არ დაარეგისტრირა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 15 მარტით არის დათარიღებული, ანუ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე.
„მითითებული დოკუმენტი შეიცავს ურთიერთშეუსაბამო მონაცემებს გარიგების სახესთან დაკავშირებით. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ვალის სანაცვლოდ ხდება წილის დათმობა, თუმცა წარმოდგენილია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მხარეებიც არიან „გამყიდველი“ და „მყიდველი“.
შესაბამისად, წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული, კორექტირებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ხელშეკრულება).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.
მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი შპს „ვარკეთილი 96“-ის ყველა პარტნიორის სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი შპს „ვარკეთილი 96“-ის კაპიტალში ნესტან თოდუას კუთვნილი 5%-იანი წილის ვლადიმერ ფრუიძის სასარგებლოდ გასხვისებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
რამდენად უკავშირდება ნუგზარ კახიძის მკვლელობა მის ბიზნესსაქმიანობას? ამ ეტაპზე ეს გამოძიებისთვისაც უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიაში წილების გადანაწილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა. ამ მიზნით ნუგზარ კახიძე საკუთარ ადვოკატს, პაატა სალიასაც ესაუბრა. ადვოკატი ადასტურებს, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე კახიძესთან მართლაც ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რომელიც სწორედ წილების გადანაწილებას ეხებოდა. ბიზნესმენი ადვოკატს ერთი კვირის ვადაში შეხვედრაზეც შეუთანხმდა, თუმცა ამ პერიოდში ნუგზარ კახიძე მოკლეს და შესაბამისად, ადვოკატთან დაგეგმილი შეხვედრაც ვერ შედგა.
რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ვარკეთილის ბაზრობის წილში შესვლას ვინმე პაატა ფრუიძე ცდილობდა. სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებას 5-პროცენტიანი წილის მფლობელ ნესტან თოდუასთან. ბოლნისელი ძმები პაატა და სპარტაკ ფრუიძეები შპს „ბილდერის“ მფლობელები არიან.
გამოძიებას იმავე დღეს ჩვენება მისცა მკვლელობის ერთადერთმა თვითმხილველმა, კახიძეების ოჯახის დამხმარე ქალბატონმა. ჩვენი ინფორმაციით, ის 38 წლის თამარ ბარბაქაძეა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნებაც დაჭრილი იყო, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, თვითმხილველ ქალს თავდამსხმელის ტყვია არ მოხვედრია, მას ტყვიამ ხელთან ჩაუარა და მცირე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა. სწორედ თამარ ბარბაქაძის ჩვენების საფუძველზე შედგა ფოტორობოტიც, რომლის საფუძველზეც სამართალდამცველებმა საბოლოოდ გია ჩოფლიანის ბრალეულობა გამოკვეთეს.
და ერთი საინტერესო დეტალიც, კვლავ საჯარო რეესტრიდან... თებერვალში, მკვლელობამდე ერთი თვით ადრე პერიოდში ნუგზარ კახიძე საჯარო რეესტრში აქტიურად ცდილობდა მის სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზე დოკუმენტაციის შეგროვებას. ამ მიზნით მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არაერთი განცხადებით მიმართა, მაგალითად, მკვლელობამდე სამი კვირით ადრე, 27 თებერვალს რეესტრში შესულია ნუგზარ კახიძის შვიდი განცხადება, რითიც ის მოითხოვდა ამონაწერების მომზადებას ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე, ასევე, წერეთლის გამზირზე, ევდოშვილისა და ხოშარაულის ქუჩებზე მდებარე ქონებებზე. 13 თებერვალს რეესტრში შესულია ნუგზარ კახიძის 11 განცხადება, ორ თებერვალს კი ერთდროულად 14 განცხადება სხვადასხვა ქონებებზე.
ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ ცდილობდა მკვლელობამდე ერთი თვით ადრე ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარი ქონების შესახებ დოკუმენტაციის შეგროვებას და უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი 21 მარტს მომხდარ მკვლელობას.