"სკოლასა და მშობლებს შორის დაიდება კონტრაქტი..." - განათლების მინისტრი

12:16 05-07-2018
895

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა  განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მედიას და მიწვეულ სტუმრებს განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარუდგინა.

მიხეილ ჩხენკელმა გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ბულინგის პრობლემაზე სკოლებში. მისი თქმით, არსებული პრობლემის გამოსწორება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას საჭიროებს. კერძოდ, განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ სკოლებში პირველ რიგში აუცილებელია მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგების არსებობა, რაც უმეტეს სააღმზრდელო დაწესებულებაში უკვე მოწესრიგებულია, თუმცა არსებობს სკოლები, სადაც ეს საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

ამჟამად დიდ სკოლებში ყველგან მართლაც გვყავს ძალიან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, ხოლო იქ სადაც ჯერჯერობით ნაკლებობაა, არსებობენ მობილური ჯგუფები და ჩვენ ასევე მივმართეთ უნივერსიტეტებს და ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები, აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში. ასევე, ამოქმედებულია 24-საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, რათა თავი ავარიდოთ ექსცესებს და აგრესიის გამოხატვას სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ისაუბრა მშობლების როლზე, ამ პრობლემის გამოსასწორებლად.

მშობლების, ოჯახების ჩართულობა ბულინგის აღმოსაფხვრელად უმნიშვნელოვანესია. კონტრაქტები მშობლებთან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამას დავიწყებთ სექტემბრიდან და გულისხმობს შემდეგს: სკოლასა და მშობლებს შორის დაიდება კონტრაქტი, სადაც გაწერილი იქნება უფლებები, ვალდებულებები და მოვალეობები, რომელიც თითოეულ მხარეს ექნება. ჩვენი მიდგომა ასეთია, სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები და მშობლები, უნდა წარმოადგენდნენ ერთ გუნდს. თუ რამე ინფორმაცია აქვს მშობელს შვილის შესახებ, სკოლა ცალსახად უნდა იყოს ინფორმირებული. ასევე, სკოლამაც ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობელს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

ნინო რაზმაძე